ინდიანა პეისერსში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა! თავის პირველივე მატჩში, მინესოტას წინააღმდეგ, ქართველი ცენტრი ინდიანელთა ბომბარდირი გახდა. მართალია, მატჩი საგამოფენო, წინასასეზონოდ მოსამზადებელი გახლდათ, თუმცა მთავარი აქ ისაა, რომ 20 წლის ახალგაზრდამ საქვეყნოდ დაამტკიცა, რომ დიდი მომავალი აქვს. სადებიუტო მატჩში 14 ქულის ჩაგდება, როცა შენს წინააღმდეგ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი თამაშობს, გმირობის ტოლფასია. მინესოტელთა შემადგენლობაში 27 წუთი ითამაშა კარლ ენტონი-თაუნსმა, რომელიც 33 ქულითა და 10 მოხსნით თავისი გუნდისა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ინდიანელთა ბომბარდირი კი გოგა ბითაძე იყო, რომელმაც 24:19 წუთში 14 ქულა, ოთხი მოხსნა, ორი პასი და ერთი დაფარება მოაგროვა.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის მოედანზე პირველი პერიოდის დასრულებამდე 2:32 წუთით ადრე, ინდიანელთა ძირითადი ცენტრის, მაილს ტერნერის ნაცვლად შევიდა. ქართველმა ცენტრმა პირველივე მიღებული პასი დაკარგა, თუმცა ამით გული არ გაიტეხა და ბრწყინვალედ ათამაშდა. დაახლოებით ერთ წუთში გოგამ თავისი ნასროლი პირველივე ორქულიანი ჩააგდო. მეორე პერიოდის მეოთხე წუთზე კი ბითაძემ ინდიანაში თავისი პირველი ბურთი ჩატენა, ხოლო პირველი არაზუსტი მცდელობის შემდეგ, ქართველმა ცენტრმა მესამე პერიოდში ორი სამქულიანი მიითვალა. მალე ბითაძემ თავისი კიდევ ერთი საფირმო ილეთი შესრულდა: ქართველმა ცენტრმა მინესოტელთა ერთ-ერთ ვარსკვლავს, ენდრიუ უიგინსს დაუფარა.
თამაშიდან ნასროლი ცხრა ბურთიდან გოგამ სამი ააცილა. ქართველმა ცენტრმა ექვსიდან ოთხი ორქულიანი და სამიდანდან ორი სამიანი ჩააგდო. ერთადერთი მინუსი, რაც ბითაძეს ჰქონდა, ექვსჯერ დაკარგული ბურთია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბითაძემ ბევრი ითამაშა და ინდინელთაგან ამ მხრივ მხოლოდ ედმონდ სამნერს (27 წუთი) ჩამორჩა. გოგამ პირველ ჯერზე ინდიანელთა ცენტრი შეცვალა, შემდეგ კი გუნდის მძიმე ფორვარდი თიჯეი ლეაფი მოედანზე ორჯერ ჩაანაცვლა. მაილს ტერნერმა 17 წუთი ითამაშა და 8 ქულას და ორ-ორ მოხსნა-დაფარებას დასჯერდა. დომანტას საბონისმაც 17 წუთი დაჰყო პარკეტზე, რა დროშიც 11 ქულა, 13 მოხსნა და ორი პასი მიითვალა. შეხვედრა მინესოტელთა გამარჯვებით – 119:111 დასრულდა.
ინდიანაში ბითაძის დებიუტი ბრწყინვალე გამოვიდა, რაც იმის იმედს იძლევა, რომ ქართველ ცენტრს კარსმომდგარ ნბა-ს სეზონში საკმაო სათამაშო დროს მისცემენ და გოგაც გულშემატკივართა იმედებს გაამართლებს. ინდიანა მომდევნო მატჩს უკვე ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში, 24 ოქტომბერს, შინ დეტროიტ პისტონსთან გამართავს.