“პარი სენ ჟერმენმა” თავდამსხმელთა წამყვანი ტრიოს (ნეიმარი, მბაპე, კავანი) გარეშე 3:0 დაამარცხა “რეალი”. მათ არყოფნაში გუნდს დი მარია გაუძღვა, რომელსაც ასე კარგად დიდი ხანია აღარ უთამაშია. მან დუბლი შეასრულა და შეეძლო ჰეთ-თრიკიც მიეთვალა.
დი მარია მესამე ფეხბურთელია, რომელმაც “რეალთან” და “ბარსელონასთან” დუბლები შეასრულა. აქამდე ეს ბრაზილიელმა ჟარდელმა და უკრაინელმა შევჩენკომ შეძლეს. ამას გარდა, დი მარიას ზედიზედ მეორე სეზონია გააქვს გოლი ყოფილი გუნდის კარში – შარშან “მანჩესტერი” დაამწუხრა.
“რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე 2003/04 წლების სეზონის შემდეგ კარში პირველად არ დაურტყამს ბურთი. “ბლანკოსი” ტურნირზე უკანასკნელ 4 შეხვედრაში 3-ჯერ დიდი ანგარიშით დამარცხდა (ცსკა-სთან 0:3, “აიაქსთან” 1:4 და “აიაქსს” 2:1 მოუგო). აშკარაა, ასეთი ასპარეზობით ზიდანის გუნდს ყველა ტურნირზე გაუჭირდება წარმატების მიღწევა.
ბენზემამ ტურნირზე 113-ე მატჩი ჩაატარა, რაც ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდია.
აზარმა პირველად ითამაშა “რეალის” სასტარტოში. მან ყველა ტურნირზე პსჟ-ს 17 მატჩში ვერ გაუტანა გოლი.
B ჯგუფი
“ბაიერნი” სრულ უპირტესობას ფლობდა “ცრვენა ზვეზდასთან” და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე “ბაიერნში” 249 მატჩში 200 გოლი გაიტანა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მეოთხე სეზონია ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩში გააქვს გოლი.
მიულერი 106 მატჩით ტურნირზე “ბაიერნის” რეკორდსმენი გახდა.
C ჯგუფი
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოს” მძლეველმა ზაგრების “დინამომ” სახლში “ატალანტა” 4:0 გაანადგურა.
ნახევარმცველი ორსიჩი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
“ატალანტამ” ტურნირზე 2015 წლის შემდეგ იტალიური გუნდებიდან ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.
“მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე უპრობლემოდ სძლია “შახტარს” 3:0, რომლის განაცხადში ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა არ იყო.
“სიტიმ” 5 შეხვედრაში “მეშახტეებს” 15 გოლი გაუტანა.
მარეზმა ტურნირზე ბოლო 7 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
D ჯგუფი
“ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე 0:2-ს აგებდა “იუვენტუსთან” და მაინც მიაღწია ფრეს. რონალდოს ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა.
ტურნირზე პირველად “იუვეს” სასტარტოში მხოლოდ ერთი იტალიელი იყო.
“ლოკომოტივმა” გერმანიაში 2:1 დაამარცხა “ლევერკუზენი”, რაც ამ გუნდისთვის უდავოდ დიდი მიღწევაა.
“რკინიგზელებმა” პირველად დაიწყო ტურნირი მოგებით, სტუმრად უკანასკნელად გამარჯვება კი 17 წლის წინ ჰქონდა მოპოვებული.
“ლოკოს” განაცხადში არ იყო ტრავმირებული საბა კვირკველია.
