“ლივერპულმა” ნეაპოლში წააგო, “ბარსელონა” ტერ შტეგენმა გადაარჩინა

0
107
 დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. დაიწყო ორი დიდი მატჩით – “ნაპოლიმ” შინ “ლივერპულს” მოუგო, ხოლო “დორტმუნდისა” და “ბარსელონას” შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
E ჯგუფი
“ნაპოლიმ” ბოლოსკენ გატეხა “ლივერპული”. ჯერ კალეხონის მიერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი მერტენსმა გამოიყენა, რომელსაც კონტრაქტს არ უგრძელებენ და გუნდის გამოცვლას აპირებს, შემდეგ კი მეორე გოლი “წითლებს” ვეტერანმა ლორენტემ კომპენსირებულ დროში გაუტანა.
“ლივერპული” უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პირველი გუნდია, რომელმაც ტურნირის მოგების შემდეგ პირველივე შეხვედრა წააგო.
“ზალცბურგმა” პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე “გენკს”. ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი 19 წლის ნორვეგიელმა ჰოლანდმა შეასრულა.
F ჯგუფი
“დორტმუნდმა” საკუთარ მოედანზე ვერ მოახერხა “ბარსელონას” ძლევა.  ჟორდი ალბამ ტრავმა მიიღო და მე-40 წუთზე სერხი რობერტომ შეცვალა. 57-ე წუთზე საჯარიმოში სემედომ სანჩო წააქცია, როისის დარტყმული პენალტი კი ტერ შტეგენმა მოიგერია. გერმანელმა მეკარემ ტურნირზე 6-დან 4 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ამ მაჩვენებლით “შახტარელ” პიატოვს გაუთანაბრდა.
მე-60 წუთზე 16 წლის ფატის ნაცვლად შეცვლაზე მესი შევიდა, რომელმაც ამ სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს უტევდნენ. როისმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ბრანდტმა ბურთი ხარიხას გაარტყა. ბოლოს მესიმაც ვერ გამოიყენა გოლის გატანის შესაძლებლობა და 0:0.
G ჯგუფი
“ლიონმა” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეექვსე საშინაო მატჩი დაასრულა ფრედ, რაც ამ ტურნირზე არასოდეს არ მომხდარა.
H ჯგუფი
“ლილთან” მატჩში ანგარიში “სევილიადან” “აიაქსში” გადასულმა პრომესმა გახსნა, რომელმაც თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩის მე-16 წუთზე ტრავმა მიიღო “არისტოკრატების” ნახევარმცველმა მაუნტმა და შეცვალეს. გამარჯვების გოლი როდრიგომ გაიტანა. ბარკლის შეეძლო “არისტოკრატებისთვის” ფრე მოეპოვებინა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ლამპარდი “ჩელსის” პირველი მწვრთნელია, რომელმაც ტურნირზე სადებიუტო შეხვედრა წააგო.