ესპანელთა მეორე ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე

0
64

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის, ევროპელთა გამარჯვებით 95:75 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო.

პირენელთა იტალიელი თავკაცის სერჯიო სკარიოლოს გუნდს რიკი რუბიომ ულიდერა, გამთამაშებელმა არასრულ 23 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 14 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა იყო მარკ გასოლის ანგარიშზე.

არგენტინელთა შემადგენლობაში კი 24 ქულით გაბრიელ დეკი გამოირჩა. 11 ქულას, 8 შედეგიან გადაცემასა და 4 ჩაჭრას მოუყარა თავი ფაკუნდო კამპასომ.

ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონები ისტორიაში მეორედ გახდნენ, 2006 წელს ესპანეთმა ფინალში საბერძნეთს მოუგო. 1950 წლის მუნდიალის და 2004 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა არგენტინამ კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მეორედ მოიპოვა – 2002 წელს აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში სამხრეთ ამერიკელები ფინალში იუგოსლავიასთან დამარცხდნენ.

მსოფლიო პირველობის MVP ესპანელთა გამთამაშებელი, რიკი რუბიო გახდა, რომელიც ფინალური შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელადაც დაასახელეს. რუბიო ტურნირში საშუალოდ 16.4 ქულას, 6 პასს, 4,6 მოხსნასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა.

მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში რიკი რუბიო, ევან ფურნიე (საფრანგეთი), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), ლუის სკოლა (არგენტინა) და მარკ გასოლი (ესპანეთი)  შეიყვანეს.