2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გრემ რაუნთრი უცხოურ გამოცემა rugby365-ს ესაუბრა.
“მოახლოვებულ მსოფლიო თასზე გვსურს, რომ ზოგიერთი ადამიანი შევაშინოთ და დავამტკიცოთ, რომ რაგბის ელიტაში ადგილს ვიმსახურებთ. 2015 წელს საქართველომ მსოფლიო თასზე ორი თამაში მოიგო და გვინდა, რომ წელსაც იგივე შედეგი გავიმეოროთ”.
“ჯგუფში უელსი და ავსტრალია გვყავს და რა თქმა უნდა მათ წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფიჯის და ურუგვაის დამარცხებაზე უნდა ვიფიქროთ. ფიჯიმ ზაფხულში ახალ ზელანდიელ “მაორებს” მოუგო და მათთან გამარჯვება მარტივი არ იქნება”.
“საქართველოს ნაკრებიდან შეთავაზება გასულ სექტემბერში მივიღე. მილტონ ჰეიგმა ქართული რაგბის სტრუქტურა და სისტემა დეტალურად ამიხსნა. იგი თბილისში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად 7 წლის წინ გადავიდა და საქმეში მთელი თავისი ცხოვრება ჩადო. პროგრამა, რომლითაც ჰეიგი ხელმძღვანელობას, ტიერ 1-ის დონისაა”.
“ქართველები რაგბისთვის არიან დაბადებულები და რაგბი მათი თამაშია. ეს არის კონტაქტური სპორტი და მათ ძალიან უყვართ მძიმე, ფიზიკური ორთაბრძოლები. საქართველოში განსხვავებული გარემოა და ქართველებიც საოცარი ჰუმანურობით გამოირჩევიან. ისინი მორიდებულები და შრომისმოყვარეები არიან და რასაც სთხოვ ყველაფერს გისრულებენ”, – აღნიშნა ინგლისელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი, რომელსაც იაპონია უმასპინძლებს სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და ორ ნოემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც ავსტრალიას, უელსს, ფიჯის და ურუგვაის შეხვდება.
