შოტლანდია უძლიერესი შემადგენლობით გვეწვია

0
93
შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისშია. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, შოტლანდიელები საქართველოს დედაქალაქს უძლიერესი შემადგენლობით ეწვივნენ.

აქვე გეტყვით, რომ 6 ერის ნაკრები თბილისში მანამდე არასოდეს ჩამოსულა და თავისთავად ეს მოვლენა ქართული რაგბისთვის ისტორიულია.
საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდებს შორის დაპირისპირება 31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა სტარტს 20:00 საათზე აიღებს.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს ქართველებმა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე სამხრეთ აფრიკის კლუბს „საუზერნ კინგსს“ დაძაბულ ორთაბრძოლაში 24:20 მოუგეს.
შოტლანდიასთან მილტონ ჰეიგის გაწვრთნილ გუნდს კაპიტანი მერაბ შარიქაძე დააკლდება, რომელიც „საუზერნ კინგსთან“ დაშავდა.
ასევე, არ იქნება გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც სამხრეთ აფრიკელებთან შეხვედრაში წვივის ძვალი მოიტეხა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება.