22 ივლისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება, სადაც კონტინენტის 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება და იბრძოლებს ფინალურ ეტაპზე გამსვლელი 24 ადგილისთვის. საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელი ქვეყნებიც – გერმანია, ჩეხეთი, საქართველო და იტალია, თუმცა ამ ოთხეულს საკონკურსო პირობები არ შეეხებათ და ევრობასკეტზე ჯგუფში ნებისმიერი ადგილის დაკავების შემთხვევაში გავლენ.
ფიბა-ევროპამ ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლებს მომავალი 2 წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ და აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი კონტინენტზე გამართულ მატჩებსა და მის თანმხლებ სხვადასხვა აქტივობებში. გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ იმ ჯგუფებიდან, სადაც ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნები (საქართველო, გერმანია, იტალია, ჩეხეთი) იქნებიან, ევრობასკეტზე 2 საუკეთესო გავა, რომლებსაც, ცხადია, (ნებისმიერ ადგილზე გასვლის შემთხვევაში) სწორედ მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ. თუკი ერთ-ერთი მასპინძელი ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილს დაიკავებს, მასთან ერთად ევრობასკეტზე გავა იმ ჯგუფის 2 საუკეთესო. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ევრობასკეტის მასპინძელი გუნდები საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფში ერთად ვერ მოხვდებიან და კენჭისყრის შედეგად ჯგუფებში სათითაოდ გადანაწილდებიან.
ფიბა-ევროპამ კენჭისყრის წინ 32 გუნდი სიძლიერის მიხედვით კალათებში განთესა. ფიბა-ევროპამ იხელმძღვანელა ფიბა-ს NIKE-ის მსოფლიო რეიტინგით და ნაკრებები კალათებში შემდეგნაირად დაახარისხა:
მე-8 კალათში გუნდების ზუსტი ვინაობა ჯერ გარკვეული არაა, რადგან მიმდინარე წლის 3-21 აგვისტოს უნდა გაიმართოს ევრობასკეტ 2021-ის მესამე წინა-საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები. აღნიშნულ კალათაში წარმოდგენილი 3-3 გუნდიდან საბოლოოდ თითო საუკეთესო მოიპოვებს საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს, თუმცა მანამდე, 22 ივლისის კენჭისყრაზე ისინი პირობითად ჯგუფებში გადანაწილდებიან.
ფიბა-ევროპას დაზუსტებული აქვს ერთი საინტერესო დეტალი, რის მიხედვითაც, საქართველოს მეტოქე იქნება პირველ კალათში განთესილი გუნდებიდან ერთ-ერთი: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი ან ლიეტუვა. ორგანიზატორებს დაზუსტებული აქვთ, რომ 4 ჯგუფი დაკომპლექტდება I, IV, V და VIII კალათის გუნდებიდან, ხოლო კიდევ 4 ჯგუფს შეადგენენ II, III, VI და VII კალათის წარმომადგენლები.
საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება ფიბა-ევროპის მიერ დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი – 1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება გასვლა – სახლის პრინციპით.
რაც ფიბა-ევროპის მიერ შედგენილი განთესვიდან დაზუსტებით ვიცით, ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში არ მოხვდებიან მონტენეგროს, ისრაელისა და ბელგიის ნაკრებები, ხოლო ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე აუცილებლად იქნება უძლიერესი კალათის ერთ-ერთი წევრი: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ან ლიეტუვა.
ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრა 22 ივლისს, მიუნხენის აეროპორტის შენობაში გაიმართება და მისი ტრანსლირება განხორციელდება ფიბა-ს Youtube-ის არხზე