“ჩიხურა” მომდევნო მეტოქეს ელოდება

0
27

საჩხერის „ჩიხურამ“ პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოიგო და წესით შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გაჭირვებოდა. მართლაც, სოსო ფრუიძის შეგირდებმა მეორე შეხვედრაშიც ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვეს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთის „როვანიემსა“ და შოტლანდიის „აბერდინს“ შორის გამარჯვებულს დაელოდებიან.

მატჩში პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი „ჩიხურას“ კართან შეიქმნა, როდესაც მერშმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის კართან ჩააწოდა, სადაც მარტო მყოფი კორალი თავით ბურთს ოდნავ ვერ მისწვდა. მასპინძელთა პირველივე გააზრებული შეტევა გოლით დასრულდა – მიშიკო სარდალიშვილმა კარგად შეაყოლა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ რატი არდაზიშვილს, რომელმაც შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:0. 32-ე წუთზე „ფოლა“ კაცნაკლული დარჩა, რადგან მუჰამეროვიჩმა ფეხი უკნიდან ჩაარტყა ფეხში დეკანოიძეს და მსაჯმა უყოყმანოდ წითელი ბარათი აჩვენა. „ფოლა“ 11 კაცით არ ჰგავდა შემდეგ ეტაპზე გამსვლელს და 10 ფეხბურთელით ამის გაკეთება ხომ საერთოდ უტოპია გახდა.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. 62-ე წუთზე, სარდალიშვილმა სტუმართა საჯარიმოში ერთ მცველს კარგად აუარა გვერდი, მაგრამ დამამთავრბელ ფაზაში არც კარში დაარტყა და ვერც ზუსტი გადაცემა გააკეთა, რის გამო, ეპიზოდმა სიმწვავე დაკარგა. 74-ე წუთზე, სარდალიშვილმა თავის მიზანს მაინც მიაღწია – ჩიხლაძესთან „კედლის“ გათამაშების შემდეგ, მის დარტყმულს მცველმა დააფარა, მაგრამ ბურთი ისევ საჩხერელთა შემტევ ნახევარმცველს მიუვიდა და ანგარიში ორამდე გაზარდა – 2:0. 89-ე წუთზე, მამასახლისმა საჩხერელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესული კორალი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გოლად სინანიმ აქცია – 1:2.

ჩიხურა“ (საჩხერე) – „ფოლა“ (ლუქსემბურგი) 2:1 (1:0)
17 ივლისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი
„ჩიხურა“: ჰამზიჩი, კაშია (კ) (ჩიტეიშვილი, 75), არდაზიშვილი (ერგემლიძე, 67), ჩიკვაიძე, მამასახლისი, მაისაშვილი, ფანცულაია, კორიფაძე, დეკანოიძე (ლექვთაძე, 62), სარდალიშვილი, ჩიხლაძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
„ფოლა“: კაბრალი, ბერნარდი, კორალი, მუჰარემოვიჩი, კარონი (დრიფი, 46), ბრუნე ფრეირე (ჰაჯი, 75), საკრასი, სინანი, მერში (ოუასეირო, 68), კლეინი (კ), სეუდი.
მთავარი მწვრთნელი: ჯეფ სტრასერი
გოლი: 1:0 არდაზიშვილი (25), 2:0 სარდალიშვილი (74)
გაფრთხილება: კორიფაძე (31), ბერნარდი (45+1), კაშია (72), მამასახლისი (89)
გაძევება: მუჰამეროვიჩი (32)
მთავარი მსაჯი: დრაგან პეტროვიჩი (ბოსნია)