ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან დათუნაშვილი საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც თავის ყოფილ კლუბ ‘ორიაკში’ ესპუარების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.
36 წლის სპეციალისტმა მოთამაშის კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ამ გუნდში გაატარა. ის ‘ორიაკის’ ღირსებას 2008-2010 და 2011-2016 წლებში იცავდა. დათუნაშვილი შარშან სამშობლოში დაბრუნდა და გორის ‘ჯიქში’ შერკინების მწვრთნელობასთან ერთად, თამაშსაც ახერხებდა, თუმცა ფრანგული კლუბისგან, სადაც ქართველებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ, მეორედ მიიღო შეთავაზება და 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.
„აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ტულუზაში მენეჯერის 1-წლიანი, საკმაოდ რთული კურსი გავიარე და წარმატებით დავასრულე. თბილისში წამოსვლამდე ‘ორიაკმა’ მათთან მუშაობა შემომთავაზა, მაგრამ მაშინ უარი ვუთხარი და სამშობლოში დავბრუნდი. დაახლოებით 1 თვის წინ საფრანგეთში მომიწია ჩასვლა, ‘ორიაკისგან’ კიდევ ერთხელ მივიღე შეთავაზება და ამჯერად თანხმობა განვაცხადე“ – ამბობს დათუნაშვილი, რომელსაც ნაცნობ გარემოში, მეგობრებთან ერთად მოუწევს მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება ამანაც გაუიოლა:
„ორიაკის ესპუარების ხაზის მწვრთნელი რუმინელი რომეო კონტინეაკია, რომლის მხარდამხარ წლების განმავლობაში ვთამაშობდი და მასთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს. გადაწყვეტილების მიღება ამანაც გამიიოლა, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გეყოლება გვერდით. რაც მთავარია, ჩვენ რაგბის ერთნაირი ხედვა გვაქვს. რომეო ძლიერი სპეციალისტია და მასთან მუშაობა საინტერესო იქნება. მან გუნდი რომ ჩაიბარა ‘ორიაკის’ ესპუარები მესამე დივიზიონში თამაშობდა, შარშან ელიტა1-ში აღზევდა და იქ ადგილი შეინარჩუნა, რაც კონტინეაკის დამსახურებაა“.
პრო დე2-ის ‘ორიაკი’ უკვე წლებია ქართველების ნავსაყუდელია. გუნდი ჩვენებურთა სიმრავლით მუდამ გამოირჩეოდა, ახლა კი ქართველ ლეგიონერთა რაოდენობამ 14-ს უწია: პირველ გუნდში არიან მერაბ შარიქაძე, გიორგი ჯავახია, გიორგი ცუცქირიძე და გიორგი ქართველიშვილი; კლუბთან ესპუარების კონტრაქტი აკავშირებთ, თუმცა პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებენ ბექა საღინაძე, ჯემალ შათირიშვილი და გიორგი გოგოლაძე; დათუნაშვილთან ერთად ესპუარებში იქნებიან მიხეილ ალანია, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ლუკა ნიორაძე, იოსებ გუშარაშვილი, დაჩი პაპუნაშვილი, ლუკა მაჭარაშვილი და დავით გვიდიანი.
„ორიაკში ქართველებს განსაკუთრებით ენდობიან და ეს იმ თაობის დამსახურებაა, რომელიც ამ გუნდში პირველი მოვიდა. ყოველმა მომდევნო თაობამ, ეს ნდობა კიდევ უფრო გაამყარა და ახლა ამ გუნდში 14 ქართველი ითამაშებს – 6 პირველ გუნდში და 8 ესპუარებში! ამ ბიჭების ნაწილს, კლუბთან კონტრაქტი ჩემს მოსვლამდე ჰქონდა გაფორმებული, ნაწილი კი ჩემი რეკომენდაციით აიყვანეს. მნიშვნელოვანია, რომ დავიმატეთ ორი ნიჭიერი და პერსპექტიული მეორეხაზელი – მაჭარაშვილი და გვიდიანი. ჩვენ (საქართველოს ნაკრებს) ამ პოზიციაზე პატარა კრიზისი გვაქვს. ახლა ამ ბიჭებს განვითარების მეტი შანსი ექნებათ და ვიმედოვნებ, მომავალში ნაკრებსაც გამოადგებიან. გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ საფრანგეთში ქართველი ხაზის მოთამაშეებითაც ინტერესდებიან და მათი რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს“.
წელს საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონატი სიახლეებით ჩატარდება. მოთამაშეთა ასაკი 22 წლამდე დაიწევს და ესპუარებში პროფესიონალი მორაგბეების თამაში აიკრძალება. ‘ორიაკის’ ახალგაზრდული გუნდი მზადებას 1 აგვისტოს დაიწყებს.
„გუნდი ჯერ არ მინახავს. გავიცანი სამწვრთნელო და სამედიცინო ჯგუფი. მოსამზადებელ ეტაპს 1 აგვისტოდან ვიწყებთ და ვფიქრობ, ‘ორიაკს’ ძლიერი შერკინება და დერეფანი ექნება. მიზანი ელიტა1-ში დარჩენაა, რადგან ორიაკი პატარა ქალაქია, კონკურენტები კი დიდი ქალაქის ტოპ გუნდები იქნებიან. პარალელურად, დავაკვირდები პერსპექტიულ ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს და განვითარების შესაძლებლობა ყველას ექნება, რაც სამომავლოდ ქართული რაგბის წინსვლას დაეხმარება“ – ამბობს დათუნაშვილი.