ესპანურ ლიგა ენდესაში ხვალ რეგულარული სეზონი დასრულდება, ტურნირის რჩეულთა დასახელება კი უკვე მიმდინარეობს და სასიხარულოა, რომ მათ შორის თორნიკე შენგელიასაც ვხედავთ.
“ბასკონიას” კაპიტანს ტრავმების გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, თუმცა, შთამბეჭდავი გარჯის გამოისობით, ის ერთბაშად ორ აღიარებას მაინც გამორჩა.
პირველ რიგში, სათქმელია, რომ თოკო ლიგა ენდესას ყველაზე ეფექტურ კალათბურთელად დაასახელეს. აღნიშნული პრიზი მას გადაეცემა, ვისი თამაშიც ყველაზე თვალსასეიროდ მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ყოველი ტურის შემდეგ, ესპანეთში ტოპ-შვიდეულს ადგენენ, სადაც ეპიზოდები შენგელიას მონაწილეობით ყველაზე ხშირად ხვდებოდა.
საბოლოოდ, თორნიკემ 34 ქულა მოაგროვა და მცირედით გაუსწრო რეჯი აპშოუს (33, “მორაბანკ ანდორა”), ნიკო ლაპროვიტოლასა (32, “ხუვენტუტი”) და სემ ოკოიეს (31, “სარაგოსა”), მე-5 ადგილზე კი შონ დოუსონი (23, “ხუვენტუტი”) გავიდა.
ლიგა ენდესამ კონკრეტულად შენგელიას ტოპ-შვიდეულიც წარმოადგინა, რაც ქართველი ლეგიონერის ბრწყინვალებას სრულად წარმოაჩენს, ეფექტური მოთამაშის პრიზის გასულ მფლობელთა ნუსხა კი ასე გამოიყურება:
მარკუს ჰეისლიპი (2008-09), რიკი რუბიო (2009-2010), მარკუს სლოტერი (2010-11), ლატავიუს უილიამსი (2011-12, 2014-15), რუდი ფერნანდესი (2012-13), სერხიო როდრიგესი (2013-14), ტომაშ სატორანსკი (2015-16), ფაკუნდო კამპაცო (2016-17), კრისტიან ეიენგა (2017-18).
ამას გარდა, შენგელია რეგულარული სეზონის მეორე სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, სადაც მის გარდა ტომა ერტელი (“ბარსელონა”), ხავიერ ბეირანი (“ტენერიფე”), ხაიმე ფერნანდესი (“უნიკახა”) და ვინსენ პუარე (“ბასკონია”) შეიყვანეს.
ეს გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც თორნიკე სარგებლიანობის კოეფიციენტის (18.2) მიხედვით ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება, მეორეა საშუალოდ ჩაგდებული ორქულიანების (4.55) მიხედვით და მეცხრეა საშუალოდ ქულებში (13.5). ამასთან, მას ზურგს პირველივე ტურისა და ოქტომბრის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულიც უმაგრებს.
ვთქვათ ისიც, რომ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი სიმბოლური ხუთეული ნიკო ლაპროვიტოლამ (“ხუვენტუტი”), ფაკუნდო კამპაცომ (“რეალი”), სტენ ოკოიემ (“სარაგოსა”), ბოიან დუბლევიჩმა (“ვალენსია”) და ვალტერ ტავარეშმა (“რეალი”) დააკომპლექტეს.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ 26 მაისს, “ბასკონია” რეგულარული სეზონის დასკვნით შეხვედრას სტუმრად “ვალენსიასთან” ჩაატარებს და გაარკვევს, ტურნირს რომელ ადგილზე დაასრულებს.
ამ დროისთვის, შენგელიას გუნდი 26 მოგებითა და 7 მარცხით, “ბარსელონასთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს და ცხადია, პლეი ოფში ასპარეზობა გარანტირებული აქვს.