ლა ლიგას უკანასკნელ ტურში “ეიბართან” ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლეო მესიმ დუბლი შეასრულა.
მესი 36 გოლით მეექვსედ გახდა “პიჩიჩის” მფლობელი. მან ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილი ფორვარდის ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა.
ამას გარდა, მესი მეოთხედ გახდა ერთდროულად ჩემპიონი და ბომბარდირი და ამ მაჩვენებლით “რეალის” ყოფილ შემტევს, მექსიკელ უგო სანჩესს გაუთანაბრდა.
ლეოს შეუძლია კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს – მეექვსედ მოიგოს “ოქროს ბუცი” (“იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ეს პრიზი ოთხჯერ მოიგო). უახლოეს მდევრებს კილიან მბაპეს (პსჟ) და ფაბიო კვალიარელას (“სამპდორია”) შესაბამისად 32 და 26 გოლი აქვთ გატანილი და სეზონში მათ გუნდებს თითო-თითო შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი.