კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის ”დინამომ” ანგისას ბაზაზე თბილისის ”ვიტ ჯორჯია” 2:0 დაამარცხა. 27-ე წუთზე ალეფ სანტოსის გადაცემის შემდეგ ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში გახსნა. 77-ე წუთზე ნიგერიელმა ბანჟამინ ტეიდმა ”დინამოს” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და გია გეგუჩაძის გუნდმა მორიგი სამი ქულა მოიპოვა. ბათუმში ქომაგებმა ტრადიციულად შესანიშნავი საფეხბურთო გარემო შექმნეს და გამარჯვებაში ქომაგთა წვლილიც მნიშვნელოვანია.
ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმის “დინამოს” 28 ქულა დაუგროვდა და ისევ გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა. “ვიტ ჯორჯიას” აქტივში 11 ქულაა და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმი ”დინამოსა” და ”ვიტ ჯორჯიას” მატჩის დასრულების შემდეგ, ანგისის ბაზაზე, სამართალდამცველები გამოჩდნენ. პოლიციელებმა ანგისის ბაზის გასახდელის შესავლელი ჩაკეტეს იმ მხარეს, სადაც “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. მათ ”ვიტ ჯორჯიას” რამდენიმე ფეხბურთელი პირდაპირ გასახდელიდან წაიყვანეს. აღნიშნულ ფაქტს სუს-ი ადასტურებს.
WWW.RECORDER.GE-ის ინფორმაციით დაკავებულები არიან პაატა ღუდუშაური, გიორგი კიკნაველიძე, გიორგი გეთიაშვილი, ჯონი შეროზია და ნიკა მაისურაძე.
