„კოპენჰაგენი“, სადაც დავით ხოჭოლავა გამოდის კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად პსვ-ს შეხვდა და უხვგოლიანი მატჩი საბოლოოდ ფრედ დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, რომელსაც უკრაინა-რუსეთის ომში სიმამრი გარდაეცვალა, განაცხადში არ იყო.
შეხვედრის მე-6 წუთზე დანიელები იოჰნესონმა დააწინაურა, ხოლო 15 წუთში გაკპომ საპასუხო ბურთი გაიტანა, 22-ე წუთზე სტუმრები წინ პეპ ბიელის დარტყმის შემდეგ გავიდნენ, რასაც შესვენებამდე 2 წუთით ადრე ლერაგერის გოლი მოჰყვა – 1:3. 50-ე წუთზე დოანმა ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა, 20 წუთში კი გაკპომ დუბლი მიითვალა. 78-ე წუთზე პეპ ბიელმა მასპინძლების კარი მეოთხედ აიღო, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე პსვ მარცხს ზაჰავიმ გადაარჩინა. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 17 მარტს გაიმართება.






