რობერტო მანჩინის ავსტრია მაღალი დონის გუნდად მიაჩნია, რომელიც აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და ამიტომ, მისმა შეგირდებმა ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩაატარონ.
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს ლონდონში ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ავსტრიელებთან გასამართ შეხვედრამდე ისაუბრა.
„ყველაფერი კარგადაა. „უემბლიზე“ თამაში სასიამოვნოა. ჩვენ გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც ამ არენაზე არასოდეს ყოფილან. მათ ასეთ სტადიონზე მატჩის ჩატარება გაეხარდებათ. ფეხბურთს როდესაც თამაშობ, გსურს ასეთ არენაზე მოხვდე. ფეხბურთის ასეთ ტაძარს პატივისცემით უნდა მოეპყრო. დარწმუნებული ვარ, მომავალ მატჩში ბიჭები კარგად ითამაშებენ.
მშვიდად ვართ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. ყველა ვინც თამაშობს, იმას აკეთებს, რასაც მანამდე აკეთებდა. დაველოდოთ თამაშის დღეს რათა მათი მდგომარეობა შევაფასოთ, ვისი მოედანზე გასვლაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ შემადგენლობა მეტ-ნაკლებად გარკვეულია.
ავსტრია მაღალი დონის გუნდია, რომელიც აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. პლეი-ოფი იწყება და ამ სტადიაზე შეცდომების დაშვება არ შეიძლება – ასეთი ჩემპიონატების ხიბლი სწორედ ესაა. შენ უნდა დაამტკიცო, რომ მეტოქეზე ძლიერი ხარ და მეტი არაფერი.
ავსტრიას დიდ პატივს ვცემთ, რადგან ესაა კარგი გუნდი კარგი მოთამაშეებით. გამარჯვება თუ გვინა კარგად უნდა ვითამაშოთ, ავსტრიელები მეტოქეზე სერიოზულ ზეწოლას ანხორციელებენ. მათ, სამი-ოთხი ძალიან ტექნიკური მოთამაშე ჰყავთ, მაგალითად ალაბა. ასეთ მატჩებში ძალიან ყურადღებით უნდა იყო.
25000 გულშემატკივრის თვალწინ ვითამაშებთ, რაც მნიშვნელოვანია. ეს სულ სხვა ატმოსფეროა, რაც საუცხოოა. რომში რაღაც დაუჯერებელი ხდებოდა. „უემბლი“ ფანტასტიკური სტადიონია და ატმოსფეროც კარგი იქნება. აქ ყოფნა გვიხარია“ – იუწყება მანჩინის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





