ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს, ევროპის მოქმედმა ჩემპიონის პორტუგალიისა და მსოფლიო მოქმედი ჩემპიონის საფრანგეთის დაპირისპირება ბუდაპეშტში ფერენც პუშკაშის სახელობის არენაზე 2:2 დასრულდა.
მატჩის 30-ე წუთზე, პორტუგალიელელბა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდეს, სადაც კარიდან გამოსულმა უგო ლორისმა მუშტი დანილუ პერეირას თავში ჩაარტყა და მსაჯმა პენალტი დანიშნა.
კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე პორტუგალიელმა მცველმა ნელსონ სემედუმ საჯარიმოში შეჭრილი კილიან მბაპე წააქცია და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისჯენ მიუთითა.
კარიმ ბენზემამ შანსი გამოიყენა და 2015 წლის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
47-ე წუთზე, პოლ პოგბამ საუცხოო პასით ბენზემა პორტუგალიელთა მეკარეს შეატოვა და ფრანგების ფორვარდმა თავისი შანსი გამოიყენა.
ბენზემა 33 წლისა და 186 დღის ასაკში საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა.
მან ზინედინ ზიდანის რეკორდი გააუმჯობესა – “ზიზუმ” ევრო-2004-ზე ინგლისთან (2:1) მატჩში 2 გოლი 31 წლისა და 356 დღის ასაკში გაიტანა.
მე-60 წუთზე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა რონალდუმ გადაცემა გააკეთა და კუნდე ხელით ითამაშა, რის გამო, ესპანელმა არბიტრმა მატეო ლაოსმა შეხვედრაში მესამე პენალტი დანიშნა, რომელიც კრიშტიანუმ გოლად აქცია.
რონალდუ 5 გოლით ჯერჯერობით მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
პორტუგალიელთა კაპიტანმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე 21 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია. მან ევროპის პირველობებზე მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო, ხოლო მუნდიალებზე – 7-ჯერ.
რონალდუმ გერმანიის ნაკრების ექსფორვარდის მიროსლავ კლოზეს (19) მიღწევა გააუმჯობესა. კლოზემ მსოფლიო ჩემპიონატებზე 16 გოლი მიითვალა, ევროპისაზე კი – 3.
გარდა ამისა, მან ეროვნული ნაკრების მაისურით 109-ე გოლი მიითვალა და ირანელი ალი დაიეს რეკორდის თანამფლობელი გახდა.
რონალდუ პირველი პორტუგალიელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გოლი გაიტანა.
რონალდუმ კარიერის მანძილზე საფრანგეთის აკრებს გოლი პირველად გაუტანა. მან საერთო ჯამში პორტუგალიელთა მაისურით 44 ქვეყნის ეროვნული გუნდის კარი აიღო.
საფრანგეთის ნაკრები 5 ქულით ჯგუფში პირველა ადგილზე გავიდა, ხოლო პორტუგალია 4 ქულით მესამეა.




