გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული

0
6
გიორგი შერმადინის მორიგი ბენეფისი და „ლაგუნა ტენერიფეს“ შთამბეჭდავი გამარჯვება ევროარენაზე — FIBA-ს ევროთასის გათამაშებაში ესპანურმა კლუბმა იტალიურ „რომას“ უმასპინძლა და მეტოქე შანსის გარეშე, 96:71 გაანადგურა. შეხვედრის მთავარი გმირი და უძვირფასესი მოთამაშე (MVP) ქართველი გოლიათი გახდა.
შერმადინმა პარკეტზე დათმობილ 15:08 წუთში ფენომენალური სარგებლიანობა გამოავლინა: საკუთარ გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა. ჩვენებური შეტევების დაგვირგვინებისას ჩვეული სიზუსტით გამოირჩა — 7-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 6-დან 5 ტყორცნა მოათავსა კალათში. პასივში მას მხოლოდ 1 დაკარგვა და 3 პერსონალური შენიშვნა ჰქონდა, მეტოქეები კი მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შესაბამისად, გამოცდილი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 ერთეულს მიაღწია, რაც ორმხრივ ბრძოლაში აბსოლუტურად საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.
ამ ტრიუმფის შემდეგ „ლაგუნა ტენერიფეს“ ევროთასის სამ შეხვედრაში 2 მოგება დაუგროვდა და B ჯგუფის სათავეში იტალიურ „ვენეციასთან“ და რუმინულ „კლუჟ-ნაპოკასთან“ ერთად იმყოფება. საერთაშორისო ტურნირზე მომდევნო გამოცდას შერმადინის გუნდი 21 ოქტომბერს, გერმანიაში, „ფრანკფურტის“ წინააღმდეგ გამართავს.