ისტორიული თარიღი ქართული საუნივერსიტეტო და საკლუბო კალათბურთისთვის! კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) საკალათბურთო გუნდმა ევროტურნირებზე თავისი ოქროს ფურცელი დაწერა და სადებიუტო ევროპულ სეზონში პირველი, შესაბამისად ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! შეხვედრას რუსთავის სპორტის სასახლემ უმასპინძლა და დარბაზში მისულმა გულშემატკივარმა ევროპულ ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვების გემო გაიგო.
ბექა წივწივაძის მომზადებულმა გუნდმა, რომელსაც სტუდენტების სექტორი მთელი თამაშის განმავლობაში ხმაურიანად და ემოციურად ქომაგობდა, შვეიცარიული „პული ლოზანა ფოქსის“ დაძაბულ ბრძოლაში, 9-ქულიანი სხვაობით — 97:88 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ბექა წივწივაძის სადებიუტო გამარჯვება ENBL-ზე მთავარი მწვრთნელის რანგში.
შეხვედრის პირველი ნახევარი ძალიან სწრაფ, მაღალპროდუქტიულ და შედეგიან ტემპში გაილია. კსუ-მ პირველ ორ მეოთხედში 28 და 30 ქულა ჩააგდო და შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით (58:45) გავიდა. პირველ 20 წუთში მასპინძლებმა თამაშიდან სროლების ფენომენალური, 68%-იანი სიზუსტე (20/29) აჩვენეს (სტუმრების 45%-ის წინააღმდეგ).
დიდი შესვენების შემდეგ „ლოზანამ“ დაცვაში კორექტირებები შეიტანა და მესამე მეოთხედის ბოლოს სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა (76:70). მატჩის დასასრულისკენ შვეიცარიელებმა ანგარიში კიდევ უფრო სახიფათოდ შეამცირეს (85:82 და 87:84), თუმცა, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში თავისი სიტყვა თქვა სანდრო სანაძემ. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ნაკლები იყო, სანაძემ უმნიშვნელოვანესი, გამარჯვების სამქულიანი რომ ჩააგდო და მასპინძლების უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდა (90:84). საერთო ჯამში, სანდრომ ბოლო ორ წუთში 5 ქულა მიითვალა და მატჩის ბედის გადაწყვეტაში უდიდესი როლი შეასრულა.სანდრო სანაძე — გუნდის ბომბარდირი გახდა 23 ქულით. მან თამაშიდან 10-დან 7 ტყორცნა გამოიყენა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან აბსოლუტური სიზუსტე (6/6) აჩვენა.
ჯასტინ ფორესტი — 13 ქულა დააგროვა.
ტომი ლუისი — 12 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა (ფორესტმა და ლუისმა გადამწყვეტ, მეოთხე მეოთხედში ერთობლივად 9 ქულა ჩააგდეს).
აკაკი დვალიშვილი — გამოცდილმა ცენტრმა 15 ქულა და 9 მოხსნა ჩაწერა აქტივში.
სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო ბრენდან ფავრი (20 ქულა, 4/7 სამქულიანი), ხოლო ახალგაზრდა ლუკას კერედზინმა 19 ქულა და 8 პასი დააგროვა. ამ გამარჯვების შემდეგ კსუ-ს ENBL-ის A ჯგუფში 1-1 ბალანსი აქვს, ხოლო „ლოზანა ფოქსესი“ 0-3-ზე დაქვეითდა. კსუ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე უძლეველია (3-0) — “ლოზანას” ძლევამდე მათ საქართველოს სუპერლიგაში „ბლექ ფორტრესი“ (108:84) და „ქუთაისი“ (97:65) დაამარცხეს.





