სანიოლი: “კვარაცხელია, მბაპე და კეინი “ოქროს ბურთის” მოპოვების ფავორიტები არიან”

0
10

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ წელს “ოქროს ბურთის” მოგების მთავარი ფავორიტები ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე და ჰარი კეინი არიან. მან ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფეხბურთი ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, უმეტეს შემთხვევაში, როგორც წესი, ოქროს ბურთს იგებს ის ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესოა. მაშინ სხვა კონტექსტი იყო, როდესაც ეს ინტერვიუ ჩაიწერა. ტურნირი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და ოლისე საუკეთესო იყო, მაგრამ შემდეგ მან და საფრანგეთმა ტურნირი ცუდად დაასრულეს, შესაბამისად, ახლა ფავორიტები სხვა ფეხბურთელები არიან, ისინი, ვინც საკლუბო სეზონიც მაღალ დონეზე ჩაატარეს.
ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რომ კვარა, კეინი და მბაპე მთავარი ფავორიტები არიან, იმედი მაქვს კვარა მოიგებს. ყოველთვის, როდესაც გამოკითხვა ტარდება და ხმის მიცემის უფლება მაქვს, ხმას კვარას ვაძლევდი, მაშინაც, როცა ის შესაძლოა საუკეთესო არ იყო, მაგრამ მაშინ არავის უთქვამს, რომ კარგად მოვიქეცი. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ საქართველოს ნაკრებისთვის და თქვენი ქვეყნისთვის, ამიტომ, ამ თემის ასე გაზვიადება უსამართლოდ მიმაჩნია. მე პატიოსანი ადამიანი ვარ და როდესაც შეკითხვა დამისვეს, ვეცადე გულწრფელი პასუხი გამეცა, რასაც მაშინ ვფიქრობდი, მაგრამ იმ დროს სხვა კონტექსტი იყო, მას შემდეგ რაღაცები შეიცვალა.
როდესაც ეს ახალი ფორმატი დამტკიცდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ფორმატი უფრო დიდ ნაკრებებზეა მორგებული, რომლებსაც შემადგენლობაში დიდი არჩევანი აქვთ და ფეხბურთელების შეცვლა შეუძლიათ, ხოლო ჩვენნაირი პატარა გუნდებისთვის ეს შესაძლოა პრობლემა იყოს, რადგან ასეთ მოკლე და ინტენსიურ პერიოდში რთულია ფეხბურთელების შეცვლა. თუმცა, გადაწყვეტილება ასეთია და ვეცდებით, რომ მოვერგოთ სიტუაციას, რომ რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
სეზონის დასაწყისში ფეხბურთელების ნაწილს სხვადასხვა სახის პრობლემა ჰქონდა – უთამაშებლობა ან ტრავმა. ზოგი ახლა ბრუნდება ტრავმისგან და ჯერ არ აქვთ საკმარისი სათამაშო დრო. ჩვენთვის ძალიან რთულია კიტეიშვილის შეცვლა, ჩაკვეტაძის შეცვლა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის იდეალურ ფორმაში, არ აქვს წუთები, რაც საჭიროა მაღალ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ მას ნაკრები ძალიან უყვარს და ბოლომდე დაგვეხმარება, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი.
ოთო მამაგეიშვილს მაშინაც ვაკვირდებოდით, როცა საქართველოში თამაშობდა, შემდეგ კი პორტუგალიაში ბევრს ვერ თამაშობდა, თუმცა, ახლა ავსტრიაში საკმაოდ კარგად გამოიყურება და გამოვიძახეთ, რადგან ნიკა გაგნიძეს ტრავმა აქვს და კარგი დრო იყო მისთვის შანსისთვის. მის ძმასაც ვესაუბრეთ, იმედია, ვარჯიშებზე ერთმანეთისგან გავარჩევ.
ეგოიანმა სათამაშო პოზიცია შეიცვალა, მაგრამ მისი თამაშის ხარისხი არ შეცვლილა. ის დიდი ხანია ძალიან მაღალ დონზე თამაშობს და ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. მისი უნივერსალიზმი კი მხოლოდ კარგია ჩვენთვის, რადგან უფრო ისარგებლებს ნაკრები მოედანზე მისი მოქნილობით.
აზაროვის ნაცვლად განვიხილეთ ვინ შეიძლებოდა გამოგვეძახებინა, იყო ნარიმანიძის, გიორბელიძის ვარიანტებიც, მაგრამ სტაფთან დისკუსიის შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ აზაროვის ნაცვლად საბა ხარებაშვილი გამოვიძახოთ. არ ვიცი, მომავალში კაშიას მოუნდება თუ არა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა, მაგრამ მე მას ყველანაირად ხელს შევუწყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს გუნდში და გამოცდილებით, პიროვნებით გუნდს დაეხმარება.
მაისურაძემ მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სტაბილურად თამაში, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით და გავაგრძელებთ ასე, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, ნაკრებში მისი ადგილი არ არის. მომავალში კი არ გამოვრიცხავთ, რომ გამოვიძახოთ.
მარტში ტაქტიკაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, რასაც პრობლმები ახლდა, მაგრამ პოზიტიური ნიშნებიც გამოჩნდა და ვეცდებით ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა. პირველ თამაშში ტაქტიკა არ შეიცვლება, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, გადაწყვეტილებას პირველი თამაშის შესაბამისად მივიღებთ.
ერთა ლიგაზე ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, რადგან მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები D დივიზიონიდან B დივიზიონამდე მოვიდა და წარმატება იყო, როცა წინა სეზონში აქ ადგილი შევინარჩუნეთ, მაგრამ ახლა გვინდა ნაბიჯი წინ გადავდგათ, რაც ადვილი არ იქნება, რადგან რთული ჯგუფია, დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდებით. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენნაირი მიზანი მეტოქეებს, უკრაინას, უნგრეთ და ჩრდილოეთ ირლანდიასაც ექნებათ.
კვერნაძის წარმატება არ მიკვირს და ძალიან მიხარია, გარკვეული ადაპტაციის შემდეგ შთამბეჭდავი პროგრესი აქვს. „ფროზინონე“ ისევ იმ შემადგენლობით თამაშობს, რაც სერია B-ში ჰყავდა და ეს სტაბილურობა გიორგისაც დაეხმარა. ვეცდებით, მას მეტი სათამაშო დრო მივცეთ, მაგრამ შეტევაში ყველას ერთად თამაში შეუძლებელია. ოთხი მატჩი გვაქვს და რა თქმა უნდა, ვაპირებთ როტაციას, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით, რომ როდის როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ”.
ალექსანდრე იაშვილი: “საქართველო ნაკრების კარი გურამ კაშიასთვის ყოველთვის ღიაა. ძალიან გვიხარია, რომ ის ჩვენს გუნდში იმუშავებს და დაეხმარება ახალგაზრდებს განსაკუთრებით. გუნდში მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას გააჩნია პროფესიონალიზმი, გუნდის სიყვარული და საქმისადმი სწორი მიდგომა.
როდესაც ჩვენი მწვრთნელი ან ფეხბურთელი მედიას ინტერვიუს აძლევს, ამაზე ყოველთვის გვაქვს ინფორმაცია. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მსგავს შეკითხვებში და ვერ მივიღებ შენიშვნას, რომ ასე არ არის.
უმაყურებლოდ თამაში რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია, რადგან ქომაგებისგან ყოველთვის დიდი მხარდაჭერა მოდის. უეფამ დაგვრთო იმის საშუალება, რომ 14 წლამდე ბავშვები საფეხბურთოს სკოლებიდან დაგვეშვა და ვფიქრობ, ნაკრებს ესეც დაეხმარება”.
მატჩების განრიგი
25 სექტემბერი, 20:00 | საქართველო — ჩრდილოეთ ირლანდია
28 სექტემბერი, 20:00 | საქართველო — უკრაინა | ბილეთები
2 ოქტომბერი, 22:45 | უნგრეთი — საქართველო | ბილეთები
5 ოქტომბერი, 22:45 | ჩრდილოეთ ირლანდია — საქართველო | ბილეთები
ლაშა თაბაგარი