‘შავმა ლომმა’ სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე მეორე შეხვედრა ინგლისის პრემიერშიფის მოქმედ ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონ სეინტსთან’ გამართა.
„ფრანკლინს გარდენზე“ მასპინძლები უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდნენ. მათ რიგებში მრავლად იყვნენ საერთაშორისო მოთამაშეები, ირლანდიელი და ბრიტანელი ლომები. შედეგად, ისინი სრულად ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და ჯამში 15 ლელო გაიტანეს, რაზეც სტუმრებმა ორი ლელოთი უპასუხეს – 93:10.
‘ნორთჰემპტონი’ მაღალ ტემპში და მრავალფეროვნად უტევდა. რაქში ბურთი პრაქტიკულად არ ჩერდებოდა, ბრიტანელთა ვარსკვლავები მცირე სივრცესაც იყენებდნენ, კვეთდნენ უპირატესობის ხაზს და თავგანწირული დაცვის მიუხედავად, ფაზების შემდეგ ლელო მაინც გადიოდა.
‘შავმა ლომმა’ პირველი საპასუხო ლელო მე-16 წუთზე გაიტანა და ის სრულად ოთარ მეტრეველის დამსახურებაა. მას ფეხით გადაკიდებული ბურთი 10-მეტრიან წყვეტილთან მიუვიდა, დროული პაუზითა და ცრუმოძრაობით ხაზი გაჭრა, ერთი-ერთზე გასულმა ფეხით ითამაშა და ლელო გაიტანა. ამ დროს ანგარიში 5:19 გახდა, თუმცა ბრიტანელებმა დომინირება გააგრძელეს და შესვენებამდე ჯამში 8 ლელო გაიტანეს – 5:50.
შესვენების შემდეგ მასპინძლების შეტევები გაგრძელდა და 75-ე წუთამდე ექვსი ლელო გავიდა. 75-ე წუთზე ‘შავ ლომს’ საუკეთესო ეპიზოდი ჰქონდა. ბურთის ხაზზე გაშლის შემდეგ, ლუკა ტაბატაძემ თამამად შეუტია, ერთი მცველი ხელის კვრით ჩამოიშრა, ხაზი გაჭრა და დროული გადაცემით ლელოში გიორგი სპანდერაშვილი შეუშვა. შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და 93:10 გაიმარჯვეს.
‘შავ ლომს’ ჩელენჯ თასის ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ სამი მაღალი დონის მოსამზადებელი შეხვედრა ელის. 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპს, თბილისის თასს უმასპინძლებს, რომელშიც ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას – სამი სამხრეთ აფრიკული და სამიც ევროპული.
‘შავი ლომი’ პირველ თამაშს სამხრეთ აფრიკის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასთან’ გამართავს (24 სექტემბერს 20 საათზე); მეორე მატჩი ფინალში დამარცხებულ ‘აირლინკ პუმასთან’ ექნება (29 სექტემბერს 17 საათზე); მესამე შეხვედრა კი ქარი ქაფის მესამეადგილოსან ‘ტოიოტა ჩიტასთან’ (4 ოქტომბერს 20 საათზე). მათ გარდა თბილისის თასზე პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’ მონაწილეობენ.
ამხანაგური მატჩი
ინგლისი. ნორთჰემპტონი. „ფრანკლინს გარდენ“.
ნორთჰემპტონ სეინტს (ინგლისი) – შავი ლომი (საქართველო) 93:10 (50:5)
შავი ლომი
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე (კაპ.), 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. მაიკლ ქარი, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ლეავასა პოტუ.
მარქაფა: გიგა კობახიძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, შოთა ხელაძე, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი მამაიაშვილი, დემურ ეფრემიძე, დავით არველაძე, ლუკა ნარსია, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე; თემურ ძოძუაშვილი, ლუკა ცირეკიძე, ლუკა ტაბატაძე.





