სანიოლი: “კვარაცხელია, მბაპე და კეინი “ოქროს ბურთის” მოპოვების ფავორიტები არიან”

0
22

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ წელს “ოქროს ბურთის” მოგების მთავარი ფავორიტები ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე და ჰარი კეინი არიან. მან ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფეხბურთი ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატის წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოვლენაზე დიდ გავლენას სწორედ ამ ტურნირზე ნაჩვენები თამაში ახდენს. როდესაც ის ინტერვიუ ჩავწერე, ჯგუფური ეტაპი დასრულებული იყო. იმ მომენტში ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ოლისე იყო. “ბაიერნში” ჩატარებული სეზონისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მაშინ ფავორიტად სწორედ მას მივიჩნევდი. თუმცა ინტერვიუს შემდეგ როგორც ოლისეს, ისე საფრანგეთის ნაკრების თამაშის ხარისხი მკვეთრად დაეცა. ოლისემ პლეი-ოფის თამაშები ჩააგდო და ამიტომ დღეს მას „ოქროს ბურთის“ ფავორიტად ვეღარ დავასახელებ.
ახლა ვფიქრობ, რომ კვარა, კეინი და მბაპე მთავარი ფავორიტები არიან. იმედი მაქვს კვარა მოიგებს. ყოველთვის, როდესაც გამოკითხვა ტარდება და ხმის მიცემის უფლება მაქვს, ხმას კვარას ვაძლევდი, მაშინაც, როცა ის შესაძლოა საუკეთესო არ იყო, მაგრამ მაშინ არავის უთქვამს, რომ კარგად მოვიქეცი. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ საქართველოს ნაკრებისთვის და თქვენი ქვეყნისთვის, ამიტომ, ამ თემის ასე გაზვიადება უსამართლოდ მიმაჩნია. მე პატიოსანი ადამიანი ვარ და როდესაც შეკითხვა დამისვეს, ვეცადე გულწრფელი პასუხი გამეცა, რასაც მაშინ ვფიქრობდი, მაგრამ იმ დროს სხვა კონტექსტი იყო, მას შემდეგ რაღაცები შეიცვალა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკვე ხუთწელიწადნახევარია ვარ. ამ პერიოდში, როდესაც ხვიჩა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე იყო წარდგენილი და ხმის მიცემის შესაძლებლობა მქონდა, პირველ ადგილზე ყოველთვის მას ვაყენებდი. თქვენ ამბობთ, რომ კვარაცხელიამ უნდა გაიმარჯვოს — მეც იმავეს ვამბობ. თუმცა იმ ინტერვიუს დროს სხვა ვითარება იყო. ჩემი სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯა და ამის საფუძველზე ამბის შექმნა უპატივცემულობად მიმაჩნია ადამიანის მიმართ, რომელიც აქ ხუთწელიწადნახევარია მუშაობს და ყოველთვის ცდილობს, მაქსიმუმი გააკეთოს.
როდესაც ეს ახალი ფორმატი დამტკიცდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ფორმატი უფრო დიდ ნაკრებებზეა მორგებული, რომლებსაც შემადგენლობაში დიდი არჩევანი აქვთ და ფეხბურთელების შეცვლა შეუძლიათ, ხოლო ჩვენნაირი პატარა გუნდებისთვის ეს შესაძლოა პრობლემა იყოს, რადგან ასეთ მოკლე და ინტენსიურ პერიოდში რთულია ფეხბურთელების შეცვლა. თუმცა, გადაწყვეტილება ასეთია და ვეცდებით, რომ მოვერგოთ სიტუაციას, რომ რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
სეზონის დასაწყისში ფეხბურთელების ნაწილს სხვადასხვა სახის პრობლემა ჰქონდა – უთამაშებლობა ან ტრავმა. ზოგი ახლა ბრუნდება ტრავმისგან და ჯერ არ აქვთ საკმარისი სათამაშო დრო. ჩვენთვის ძალიან რთულია კიტეიშვილის შეცვლა, ჩაკვეტაძის შეცვლა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის იდეალურ ფორმაში, არ აქვს წუთები, რაც საჭიროა მაღალ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ მას ნაკრები ძალიან უყვარს და ბოლომდე დაგვეხმარება, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი.
ოთარ მამაგეიშვილს ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვაკვირდებოდით, როდესაც საქართველოში თამაშობდა. შემდეგ მან კარიერის პორტუგალიაში გაგრძელება გადაწყვიტა, თუმცა იქ რთული პერიოდი ჰქონდა — სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა და ასეთ პირობებში ნაკრებში მისი გამოძახება რთული იყო. კლუბის შეცვლის შემდეგ მას სათამაშო დრო და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცა. ბოლო კვირებში კარგ თამაშს აჩვენებს. ტრავმის გამო გაგნიძე ვერ შემოგვიერთდება, რამაც შემადგენლობაში ერთი ადგილი გაათავისუფლა. ოთარმა კი თავისი თამაშით ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. მის ძმას უკვე ვიცნობ. მოხარული ვარ, რომ ოთარსაც შევხვდები, დაველაპარაკები და უკეთ გავიცნობ როგორც ფეხბურთელსა და ადამიანს.
ეგოიანმა სათამაშო პოზიცია შეიცვალა, მაგრამ მისი თამაშის ხარისხი არ შეცვლილა. ის დიდი ხანია ძალიან მაღალ დონზე თამაშობს და ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. მისი უნივერსალიზმი კი მხოლოდ კარგია ჩვენთვის, რადგან უფრო ისარგებლებს ნაკრები მოედანზე მისი მოქნილობით.
აზაროვის ნაცვლად განვიხილეთ ვინ შეიძლებოდა გამოგვეძახებინა, იყო ნარიმანიძის, გიორბელიძის ვარიანტებიც, მაგრამ სტაფთან დისკუსიის შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ აზაროვის ნაცვლად საბა ხარებაშვილი გამოვიძახოთ. აროდესაც გურამ კაშიამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, ვუთხარით, რომ მისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნებოდა. იმ ყველაფრით, რაც საქართველოსა და ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთა, მან დაიმსახურა შესაძლებლობა ახალი ნაბიჯები სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად გადადგას. კაშიას ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შესაძლო მუშაობაზე პირველად ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატამდე, დაახლოებით ორწელიწადნახევრის წინ ვისაუბრე. ასე რომ, ამ საკითხზე დასაფიქრებლად დრო გვქონდა. თუმცა ვფიქრობ, ჩვენი — ეროვნული ნაკრებისა და სამწვრთნელო შტაბის ვალდებულება იყო, მისთვის სწავლის, ახალი კარიერის დაწყებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიგვეცა. იმედი მაქვს, მისი მეორე კარიერა ისეთივე წარმატებული და ლამაზი იქნება, როგორიც საფეხბურთო კარიერა იყო
მაისურაძემ მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სტაბილურად თამაში, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით და გავაგრძელებთ ასე, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, ნაკრებში მისი ადგილი არ არის. მომავალში კი არ გამოვრიცხავთ, რომ გამოვიძახოთ.
მარტში ტაქტიკაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, რასაც პრობლმები ახლდა, მაგრამ პოზიტიური ნიშნებიც გამოჩნდა და ვეცდებით ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა. პირველ თამაშში ტაქტიკა არ შეიცვლება, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, გადაწყვეტილებას პირველი თამაშის შესაბამისად მივიღებთ.
მხოლოდ ამ ოთხ მატჩზე ვერ ვიფიქრებ – ექვსივე შეხვედრა ერთიანი ტურნირის ნაწილია. ჩემთვის მთავარი ქულების კონკრეტული რაოდენობა კი არა, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ექვსი წლის წინ საქართველო D ლიგაში თამაშობდა. შემდეგ იყო C ლიგა, B ლიგა, გასულ გათამაშებაში კი ამ დონეზე ადგილის შენარჩუნება შევძელით. ეს რთული ამოცანა იყო — შესაძლოა, იმაზე რთულიც, ვიდრე ბევრს ეგონა, რადგან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. რთულია ამჟამინდელი ჯგუფიც, თუმცა ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს. ფეხბურთელებთან ამ თემაზე ბოლო პერიოდში არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა A ლიგაში თამაშზე ოცნებობს. გვინდა, იქ მოვხვდეთ და ყოველ მატჩში უძლიერეს ნაკრებებს დავუპირისპირდეთ. ჩვენი მიზანი პირველი ადგილია, თუმცა დარწმუნებული ვარ, იგივე სურთ უკრაინას, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიასაც. ჯგუფში მეტწილად თანაბარი დონის გუნდები არიან, ამიტომ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო მატჩები გველის.
კვერნაძის წარმატება არ მიკვირს და ძალიან მიხარია, გარკვეული ადაპტაციის შემდეგ შთამბეჭდავი პროგრესი აქვს. „ფროზინონე“ ისევ იმ შემადგენლობით თამაშობს, რაც სერია B-ში ჰყავდა და ეს სტაბილურობა გიორგისაც დაეხმარა. ვეცდებით, მას მეტი სათამაშო დრო მივცეთ, მაგრამ შეტევაში ყველას ერთად თამაში შეუძლებელია. ოთხი მატჩი გვაქვს და რა თქმა უნდა, ვაპირებთ როტაციას, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით, რომ როდის როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ”.
ალექსანდრე იაშვილი: “გურამ კაშიას ბოლო თამაშის წინაც აღვნიშნე, რომ მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. უდიდესი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით და ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შენაძენია ჩვენთვის. ძალიან დაეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ჩვენი მიზანი არის ერთა ლიგაში წარმატების მიღწევა და ვფიქრობ, გურამის ყოფნა ძალიან დაეხმარება ჩვენს ნაკრებს განვითარების გასაგრძელებლა
როდესაც ჩვენი მწვრთნელი ან ფეხბურთელი მედიას ინტერვიუს აძლევს, ამაზე ყოველთვის გვაქვს ინფორმაცია. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მსგავს შეკითხვებში და ვერ მივიღებ შენიშვნას, რომ ასე არ არის.
ჩრდილოეთ ირდლანდიის წინააღმდეგ უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია. გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა და მათგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ. გვქონდა კონსულტაცია უეფასთან და გვაქვს იმის საშუალება, რომ მატჩს საფეხბურთო სკოლებიდან 10-დან 14 წლამდე გოგონები და ბიჭები დაესწრონ. რა თქმა უნდა ბილეთებს საჩუქრად მიიღებენ და ვფიქრობ, რომ მათი მხარდაჭერა დაეხმარება ჩვენს ნაკრებს წარმატების მიღწევაში”.
მატჩების განრიგი
25 სექტემბერი, 20:00 | საქართველო — ჩრდილოეთ ირლანდია
28 სექტემბერი, 20:00 | საქართველო — უკრაინა | ბილეთები
2 ოქტომბერი, 22:45 | უნგრეთი — საქართველო | ბილეთები
5 ოქტომბერი, 22:45 | ჩრდილოეთ ირლანდია — საქართველო | ბილეთები
ლაშა თაბაგარი