„ვილიარეალმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძეა, მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში პირველი თამაში მოიგო. მე-6 ტურში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ სტუმრად „მალაგა“ 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში დოტორმა გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე მოლეირომ საპასუხო ბურთი გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე პაპა გეიემ სტუმრები დააწინაურა.
68-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბუქანანის გადაცემის შემდეგ, მიქაუტაძემ მეტოქის საჯარიმოში ყველას დაასწრო და დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 86-ე წუთზე მიქაუტაძის დაწყებული შეტევის შემდეგ, „მალაგას“ მცველმა თავის საჯარიმოში მასია წააქცია, მაგრამ თამაში არ გაჩერდა და რომერომ გოლი გაიტანა. თუმცა, მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და გატანილი გოლი არ ჩათვალა, სამაგიეროდ პენალტი დანიშნა. მიქაუტაძეს თერთმეტმეტრიანის დარტყმა სურდა, მაგრამ ბურთი გეიემ არ დაანება, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა. „ვილიარეალი“ 5 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





