პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, რის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ იუწყება.
პარიზელებს საქართველოს ნაკრების 25 წლის კაპიტანთან ხელშეკრულების გაფორმება 2030 ან 2031 წლამდე უნდათ და ხელფასსაც მოუმატებენ. ამჟამად, ხვიჩა პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და თვეში 900000 ევროს იღებს.
მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაიწყო. პსჟ-ს ხელმძღვანელებს ეიმედებათ, რომ კვარაცხელიასთან კონტრაქტს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიამდე მოახერხებენ, რომელიც 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. საქმე ისაა, რომ ხვიჩა ჯილდოს მიღების ერთ-ერთი პრეტენდენტია და თუ „ოქროს ბურთს“ დაისაკუთრებს, მაშინ შესაძლოა კონტრაქტის გახანგრძლოვების შესახებ მოლაპარაკება გართულდეს.
პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 84 მატჩში 28 გოლი გაიტანა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. მან 2025-2026 წლების სეზონში პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირში 48-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი




