სანიოლი: “კვარაცხელია მატჩს პირველი წუთიდან დაიწყებს”

0
0

ვილი სანიოლის თქმით, საქართველოს ეროვნული გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ხვალ ბაჰრეინთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრას პირველი წუთიდან დაიწყებს. ჩვენი გუნდის ფრანგმა თავკაცმა ამის შესახებ დღეს “მიხეილ მესხზე” ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ვიცეკაპიტანი ოთარ კიტეიშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “ბაჰრეინის ნაკრებს ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში საკუთარ კონფედერაციაში საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. ჩვენთვის კი ეს ახალი მეტოქეა და განსხვავებული საფეხბურთო სტილის გუნდია. სასარგებლო მატჩი იქნება ჩვენთვის.
ზოგჯერ საინტერესოა განსხვავებულ მეტოქეებთან თამაში. თუ ამ მატჩს სათანადო სერიოზულობით არ მოვეკიდებით, პრობლემები შეგვექმნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები ამ შეხვედრისთვის ზუსტად ისე მოემზადებიან, როგორც რუმინეთთან მატჩისთვის მოემზადნენ.
ჩაკვეტაძის დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა ფეხი შეშუპებული აქვს. ხვალ ვერ ითამაშებს, მაგრამ რამდენიმე დღეში ან კვირაში უკეთ იქნება. ხვიჩა კვარაცხელიას ხვალინდელ მატჩს პირველი წუთებიდან დაიწყებს. რაც შეეხება მეკარის პოზიციას – ბაჰრეინთან შეხვედრაში თამაშის საშუალება ლუკა გუგეშაშვილს მიეცემა და იმედი მაქვს კარგ მატჩს ჩაატარებს.
ძალიან კარგი შეკრება გამოგვივიდა. ვფიქრობ, ფეხბურთელების მენტალიტეტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. გასული კვირის განმავლობაში მათ საოცრად იმუშავეს – დიდი შრომითა და პროფესიონალიზმით. რუმინეთთან ჩვენი კარგი თამაში სწორედ ამ მიდგომის შედეგი იყო. გვინდა, რომ შეკრება ბაჰრეინთან კარგი მატჩით დავასრულოთ და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივარს.
ბართიშვილი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შემდეგი ნაბიჯი რომ გადადგან და კარიერაში წარმატებას მიაღწიონ, ტექნიკურ თვისებებთან ერთად, აზროვნებაც საჭიროა, ამის იდეალური მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა. იმედი მაქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელები გააგრძელებენ შრომას, განვითარებას და ამაში მაქსიმალურად დავეხმარებით. ვიმედოვნებ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ დაცვაში გარკვეული ცვლილებები მოხდებოდა. არაერთ მცველს მივეცით შანსი, თუმცა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოქმედებს მთელი გუნდი მოედანზე და არა მხოლოდ კონკრეტულად მცველები. შემტევებზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებთ დაცვაში.
მიქაუტაძეს „ვილიარეალში“ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, ადაპტაცია გაიარა და მიხარია, რომ კარგი სეზონი ჩაატარა. მამარდაშვილის ტრანსფერი „ლივერპულში“ ყველას ძალიან გაგვიხარდა, რადგან ძალიან დიდი გუნდია, მაგრამ ფეხბურთელებისთვის საჭიროა სათამაშო პრაქტიკა, განსაკუთრებით ამ ასაკში. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, რომ გიორგი სხვა გუნდში გადავიდეს და სათამაშოდ სხვა შესაძლებლობა მოძებნოს“.
ოთარ კიტეიშვილი: “სანაკრებო დონეზე ბევრი მოსამზადებელი თამაში და დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა, თითოეული შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად.
ბაჰრეინთან თამაში ბოლო ამხანაგური შეხვედრაა ერთა ლიგის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ.ერთა ლიგაზე მარტივ ჯგუფში ნამდვილად არ ვართ, თუმცა სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ საწყისი ორი შეხვედრის გარდა, თითქმის ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, მისი იმედი აქვთ გუნდში, სჯერათ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონი მისთვის უკეთესი იქნება”.
ლაშა თაბაგარი