“შავმა ლომმა” “თბილისის თასი” მესამე ადგილზე დაასრულა

0
0

‘შავმა ლომმა’ თბილისის თასის პირველი გათამაშება ‘ტოიოტა ჩიტასთან’ 36:25 გამარჯვებით დახურა. ჩვენმა გუნდმა სამიდან ორ სამხრეთ აფრიკულ გუნდს სძლია – ‘ტოიოტა ჩიტასს’ და სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატის, ქარი ქაფის ვიცე-ჩემპიონ ‘აირლინ პუმასს’, ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასს’ კი 6 ქულით ჩამორჩა.
განვლილ სამ შეხვედრაში მწვრთნელებმა საქმეში ძალიან ბევრი მოთამაშე ნახეს. რადგან ტურნირი მოსამზადებელი ხასიათის იყო, ყველა თამაშში მრავლად გვქონდა როტაცია შემადგენლობაში. ამის ფონზე, თამაშიდან თამაშამდე ხარისხი უმჯობესდებოდა და დასკვნით შეხვედრაში საუკეთესოდ (წინა მატჩებთან შედარებით) გამოვიყურებოდით. რა თქმა უნდა ახლაც იყო ხარვეზები, თუმცა მონახაზი ბევრად უკეთესი იყო და მწვრთნელებს გუნდის დასახვეწად დაახლოებით ორი კვირა რჩებათ, მერე კი ჩელენჯ თასის პირველი შეხვედრა (17 ოქტომბერს უელსურ ‘ოსფრიზთან’) გველოდება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ‘შავი ლომი’ ‘ჩიტასს’ მეოთხედ შეხვდა და მეორედ დაამარცხა. შარშან მეტოქეს სამხრეთ აფრიკაში ორჯერ შევერკინეთ და პირველ მატჩში 39:38 დავამარცხეთ, მეორე კი 5:24 დავთმეთ. წელს ივნისში, ‘ჩიტასს’ კვლავ ბლუმფონტეინში შევხვდით და მასპინძლებმა 47:31 იმარჯვეს. სამხრეთ აფრიკული გუნდი პირველად გვეწვია თბილისში და რევანშიც შედგა, თანაც ლამაზ სტილში.
თამაში ჩვენი გუნდის შეტევებით დაიწყო. ‘შავი ლომი’ ბურთს აკონტროლებდა და ფაზებსაც კინძავდა, თუმცა დასკვნით ფაზებში სცოდავდა. მე-10 წუთზე, მეტოქის 22-ის მისადგომებთან წარმოქმნილი რაქიდან ნულოვან ზონაში მაიკლ ქარიმ მოულოდნელად შეუტია, ის ზედ ლელოს ხაზთან შებოჭეს, გიორგი სპანდერაშვილმა ბურთი შეგვინარჩუნა, დავით აბდუშელიშვილმა კი რაქიდან შეუტია და ლელოთი ანგარიში გახსნა. გარდასახვის შესრულებისას თემურ ძოძუაშვილს დაუფარეს.
ინიციატივას მასპინძლები კი ფლობდნენ, თუმცა ტაიმის შუაში ‘ჩიტასისგან’ კარგი შეტევა მიიღეს და ლელო გაუშვეს, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. შესვენებამდე ლელოს გატანის ორი კარგი შესაძლებლობა გვქონდა. პირველ ჯერზე მოლის შემდეგ ბურთი ლელოში ჩაგვიხურეს, მერე კი ოვალი ფრთაზე ჩავათამაშეთ და ლეავასა პოტუ ფრთაზე გაიჭრა, მაგრამ მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა. 38-ე წუთზე ‘ჩიტასმა’ ჯარიმა კარში დაარტყა, გაიტანა და ტაიმი 5:10 დასრულდა.
მეორე ტაიმი კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ. ხელდახელ შეტევის შემდეგ ლელო თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო გადაცემის შემდეგ ბურთი დავკარგეთ. სამაგიეროდ, 46-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და ის შოთა ხელაძის ლელოთი დასრულდა, ძოძუაშვილმა კი გარდასახვით დაგვაწინაურა. მაგრამ, განახლდა თუ არა შეხვედრა, პირველ ბურთზე უყურადღებოდ ვითამაშეთ და რამდენიმე წამში საპასუხო ლელო მივიღეთ.
შეხვედრა ‘შავი ლომის’ შეტევებით გაგრძელდა და ხშირი ჯარიმების ფონზე, ‘ჩიტასი’ სინბინით დაისაჯა. რიცხობრივი უპირატესობა სწრაფად გამოვიყენეთ, მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და დათა ახვლედიანი კარგად მიეძალა, ბურთი სპანდერაშვილმა სწრაფად აიტაცა, ნულოვან ზონაში შეუტია და მისი ლელო ლუკა ცირეკიძემ გარდასახა. რადგან მოლში ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა, 63-ე წუთზე კვლავ ამ ხერხით შევუტიეთ და ამჯერად ლელო ირაკლი ქვათაძემ მიითვალა.
მოლის გარდა, ‘შავი ლომი’ შერკინებაშიც დიდ უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს ხშირად აჯარიმებდა და ‘ჩიტასი’ ერთხელაც დაისაჯა სინბინით. 68-ე წუთზე სამხრეთ აფრიკელებმა მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა, რასაც 5-მეტრიანიდან კიდევ ერთი მოლი და ქვათაძის მეორე ლელო მოყვა, ცირეკიძემ კი გარდასახვით უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა.
როგორც ჩანს, მასპინძლებმა თამაში მოგებულად ნაადრევად ჩათვალეს, რითაც ‘ჩიტასმა კარგად ისარგებლა და ჯერ გარდასახული ლელოთი, მერე კი ჯარიმით, სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა. სამხრეთ აფრიკელებს გამარჯვების იმედი გაუჩნდათ და საკუთარი 22-იდან ხელდახელ შემოგვიტიეს, მაგრამ თავი კარგად დავიცავით, ფეხით შეცურების შემდეგ ბურთი ძოძუაშვილმა აიტაცა და ფრთაზე კარგად შეუტია, ცირეკიძეს გადაცემა არ დაუგვიანა და მისი ლელოს შემდეგ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 36:25.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ირაკლი ქვათაძე დასახელდა, ‘შავმა ლომმა’ კი ‘გრიქასისა’ და ‘პუმასის’ შემდეგ, თბილისის თასი მესამე ადგილზე დაასრულა.
თბილისის თასი ‘გრიქასმა’ წაიღო
თბილისის თასის დასკვნით ტურში, პირველ ორ შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკულმა გუნდებმა გამარჯვება მოიპოვეს. “ავჭალაზე” მოედანზე პირველად ‘აირლინკ პუმასი’ და პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ გავიდნენ. სამხრეთელები მალევე დაეუფლნენ ინიციატივას და პირველ ტაიმში 35:15 დაწინაურდნენ, შეხვედრა კი 68:20 მოიგეს და თუ მეორე მატჩში ‘გრიქასი’ დამარცხდებოდა, თბილისის თასიც მათი საკუთრება გახდებოდა.
‘გრიქასისა’ და ესპანური ‘იბერიანსის’ შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო. ესპანელებმა შეძლეს გარდასახული ლელოთი დაწინაურება და ჯარიმის შემდეგ 10:5 იგებდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს აფრიკელებმა შეძლეს ორი ლელოს გატანა – 19:10. მეორე ტაიმში ‘გრიქასის’ უპირატესობა უკვე საგრძნობი იყო, საბოლოოდ მათ 48:15 გაიმარჯვეს და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტისგან, დავით კაჭარავასგან კუთვნილი თასიც ჩაიბარეს.

ტოიოტა ჩელენჯი. თბილისის თასი 2026

4 ოქტომბერი. III რაუნდი

თბილისი. „ავჭალა“. 20:00 საათი

შავი ლომი (საქართველო) – ტოიოტა ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) 36:25 (5:10)

შავი ლომი

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. ლუკა თაყაიშვილი, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. დათა ახვლედიანი, 11. რომა მახათაძე, 10. თემურ ძოძუაშვილი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. შოთა ხელაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლეავასა პოტუ.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ნარმანია, 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 20. დავით არველაძე, 21. ოთარ გიორგაძე; 22. ლუკა ცირეკიძე, 23. დავით იმნაძე.

Top of Form

Bottom of Form

24 სექტემბერი

აირლინკ პუმასი (სამხრეთ აფრიკა) – იბერიანსი (ესპანეთი) 64:21

ტოიოტა ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – ლუზიტანუში (პორტუგალია) 38:26

შავი ლომი (საქართველო) – სუზუკი გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) 15:21

29 სექტემბერი

ჩიტასი – იბერიანსი 19:22

შავი ლომი – პუმასი 21:19

გრიქასი – ლუზიტანუში 59:19

4 ოქტომბერი

პუმასი – ლუზიტანუში 68:20

გრიქასი – იბერიანსი 48:15

შავი ლომი – ჩიტასი 36:25

  1. გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) – 14 (+79)
  2. პუმასი (სამხრეთ აფრიკა) – 11 (+89)
  3. შავი ლომი (საქართველო) – 10 (+7)
  4. ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – 6 (-2)
  5. იბერიანსი (ესპანეთი) – 4 (-73)
  6. ლუზიტანუში (პორტუგალია) – 1 (-100)
    rugby.ge