საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების მე-2 კგუფში მეოთხე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ბელფასტში გამართავს.
4 ოქტომბერს, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა “უინდზორ პარკ სთედიუმზე” ივარჯიშა, სადაც მომვალი დაპირისპირება შედგება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ნაკრების მთავრ მწვრთნელთან ერთად მედიის კითხვებს ეროვნული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა უპასუხა.
რამაზ სვანაძე: „განწყობა ნორმალურია. რა თქმა უნდა, იდეალურ სიტუაციაში არ ვართ, თუმცა ასეთი მომენტები ნებისმიერი ადამიანის, გუნდის თუ ნაკრების ცხოვრებაში ხდება. რთული სიტუაციები და პერიოდები არასდროს არის გამორიცხული.
უკვე მეოთხე თამაშია და დაღლილობის ფონი, რა თქმა უნდა, იგრძნობა, თუმცა ამ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ. წინ კიდევ ერთი დღე გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, ეს დრო გამოვიყენოთ. დღევანდელი ღამისა და ხვალინდელი დღის შემდეგ შევაფასებთ ფეხბურთელების ფუნქციურ მდგომარეობას და საბოლოო გადაწყვეტილებას სასტარტო შემადგენლობაზე უშუალოდ თამაშის წინ მივიღებთ.
დღევანდელ ნაკრებში ფეხბურთელების უმრავლესობა სწორედ ის ბიჭებია, რომლებმაც საქართველოს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანეს, რაც ჩვენს ქვეყანას ფეხბურთში ოდესმე ჰქონია. ასევე გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ახალგაზრდულ დონეზე საქართველოსთვის ისტორიული შედეგები დააფიქსირეს.
მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ წარსულით ცხოვრობს, თუმცა, როდესაც რთულ პერიოდზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწორედ ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამ სირთულიდან აუცილებლად გამოვლენ. ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან და ამ პროცესში ძალიან გვჭირდება მაყურებლის მხარდაჭერა.
რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომელიც გუნდურ პრინციპებს მაქსიმალურად იცავს. ამასთან ერთად, მაღალი დონის დისციპლაც ახასიათებს და ჩვენს ქვეჯგუფში ამ მხრივ ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეულია. ველოდებით რთულ თამაშს. ასეთ გუნდებთან შეხვედრა არასდროს არის მარტივი, თუმცა ყველა გუნდს, მათ შორის ჩრდილოეთ ირლანდიასაც, აქვს თავისი მინუსები და ვეცდებით, ისინი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
პირველ ყოვლისა, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. მჯერა, რომ თუ ხვალ საკუთარ თავს ძალიან კარგად წარმოვაჩენთ, მეტი შანსი გვექნება, რომ ყველანი გახარებული და გამარჯვებული დავბრუნდეთ სახლში”.
ლაშა დვალი: „თერთმეტ დღეში ოთხი თამაში, გასაგებია, რომ ადვილი არაა, თუმცა თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობთ. ჩვენი სამედიცინო შტაბი გვეხმარება, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ და ვფიქრობ, რომ ფიზიკურად ნამდვილად მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის.
რთული პერიოდი ყველა გუნდს უდგას. ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი პერიოდი, მაგრამ ამას ერთობლიობით, პოზიტივითა და მოედანზე ბრძოლისუნარიანობით ვუმკლავდებით. უნდა გავიდეთ მოედანზე და ვაჩვენოთ ის, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს. მაქსიმალურად შევასრულოთ დავალებები, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას”.
ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 7 ქულით, მეორეზე უკრაინა 4 ქულით, მესამეზე უნგრეთი 4 ქულით, ხოლო საქართველო 1 ქულით ბოლოა.
ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველოს შეხვედრა 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი





