„ასტონ ვილამ“ ევროპა ლიგა მოიგო – ემერის უნიკალური მიღწევა

0
2

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“, რომელსაც უნაი ემერი წვრთნის, არსებობის ისტორიაში პირველად უეფას ევროპა ლიგა მოიგო. სტამბოლში გამართულ ფინალში ინგლისური გუნდი გერმანულ „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა.
მატჩის 41-ე წუთზე „ასტონ ვილამ“ კუთხური გაითამაშა და როჯერსმა მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ტილემანსი მოძებნა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარის ბადეში გაახვია.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ბუენდიამ დაახლოებით 18 მეტრიდან „ცხრიანში“ გაიტანა. 58-ე წუთზე ბუენდია მარცხენა ფლანგზე ფინტით მცველს გაცდა და პასი კარის ახლო კუთხესთან გახსნილ როჯერსს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით შეაგდო. ბუენდიას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს ააცილა. ის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ „ფრაიბურგმა“ მეტოქის კართან ერთი საგოლე მომენტიც ვერ შექმნა. ცნობისთვის, „ასტონ ვილას“ არგენტინელმა მეკარე ემილიანო მარტინესმა ფინალში მოტეხილი თითით ითამაშა – მან ტრავმა მატჩამდე მოთელვის დროს მიიღო.
„ასტონ ვილამ“ თავის ისტორიაში მესამე ევროპული ჯილდო მოიპოვა – 1982 წელს ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. ბირმინგემელებმა 1996 წლის შემდეგ ყველა ტურნირში სადაც მონაწილეობდნენ პირველად გაიმარჯვეს. მათ ბოლოს ინგლისის ლიგის თასი აღმართეს.
ემერიმ ევროპა ლიგაში 6 ფინალიდან 5 მოიგო, რაც რეკორდია – ზედიზედ სამჯერ „სევილიასთან“ ერთად, ხოლო თითოჯერ – „ვილიარეალთან“ და „ასტონ ვილასთან“. „არსენალის“ თავკაცის თანამდებობაზე მუშაობის დროს „ჩელსისთან“ დამარცხდა. ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროთასი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიპოვა. ევროთასებზე გამარჯვებათა რაოდენობით ესპანელი სპეციალისტი იტალიელებს კარლო ანჩელოტის და ჯოვანი ტრაპატონის, ასევე პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს გაუთანაბრდა.
„ასტონ ვილას“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ სამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის ფინალში გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი