„მეცი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი ირიცხება, საფრანგეთის ლიგა 1-ში სეზონი სტუმრად „ნიცას“ უგოლო ფრეზე გაეყარა.
განვლილ შეხვედრაში გუნდის განაცხადში გარემარბი გიორგი წიტაიშვილი თვალის ტრავმის გამო ვერ მოხვდა, რომელმაც ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონი ჩაატარა და 35 მატჩში (30 სასტარტოში) 3 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასი მიითვალა.
ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ასევე სასტარტოში მყოფმა გარემარბმა გიორგი აბუაშვილმა მოედანი 75-ე წუთზე დატოვა. მას საწყის 15 წუთში ორი კარგი მომენტი ჰქონდა – ჯერ მეტოქის საჯარიმოში მცველი ჩამოიცილა და არაზუსტად დაარტყა, ხოლო შემდეგ ქვილითაიას თავური პასის მერე, აბუაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
„მეცმა“ სეზონი 17 ქულით დაამთავრა და 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა. „ნიცა“ მე-16 ადგილზე გავიდა და ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენთან“ ორ თამაშს ჩაატარებს.
აბუაშვილმა ლიგა 1-ში 24-ჯერ (6-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 2 გოლი შეაგდო, ხოლო ქვილითაიამ, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა 10 თამაშში (5 სასტარტოში) თავი 2-ჯერ გამოიჩინა.
სამივე ქართველ ფეხბურთელს „მეცთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და უცნობია კარიერას სად განაგრძობენ.
ლაშა თაბაგარი





