კონფერენს ლიგის ფინალში „რაიო ვალეკანო“ „კრისტალ პალასს“ შეხვდება

0
4

უეფას კონფერენს ლიგის 2025-2026 წლების სეზონის გათამაშების ფინალისტები გაირკვა.
ლონდონის „კრისტალ პალასმა“ 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად დონეცკის „შახტარი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 2:1 აჯობა და არსებობის ისტორიაში პირველად ევროთასების ფინალში გავიდა.
ლონდონში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი თადარიგში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია.
მატჩის 25-ე წუთზე დონეცკელთა ბრაზილიელმა მცველმა პედრო ენრიკემ ავტოგოლი მიითვალა, ხოლო 34-ე წუთზე ეგინალდომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 52-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ისმაილა სარმა გამოიჩინა.
„კრისტალ პალასი“ 27 მაისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გასამართ ფინალში „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება. ესპანურმა გუნდმა 1/2-ფინალის პირველ მატჩში შინ ფრანგულ „სტრასბურგს“ 1:0 აჯობა და საპასუხო შეხვედრაშიც იმავე ანგარიშით გაიმარჯვა. სტრასბურგში ჩატარებულ თამაშში სტუმრებიდან ერთადერთი ბურთი 42-ე წუთზე ალემაომ შეაგდო. „რაიო ვალეკანო“ ევროთასებზე სადებიუტო სეზონს ატარებს და ფინალში გავიდა.
ლაშა თაბაგარი