უეფას ევროპა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის გათამაშების ფინალისტები ცნობილია.
ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ 1/2-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად „ნოტინგემ ფორესტთან“ 0:1 წააგო, ხოლო შინ მეტოქეს უპირობოდ აჯობა – 4:0. ბირმინგემში ჩატარებული მატჩის 36-ე წუთზე ბუენდიამ ფინტებით ორი მეტოქე „გააბრუა“ და საჯარიმოშ შესულმა პასი კარის წინ მდგომ უოტკინსს მისცა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
58-ე წუთზე მილენკოვიჩმა „ნოტინგემის“ საჯარიმოში მასპინძელთა ფეხბურთელი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბუენდიამ გამოიყენა. ამის შემდეგ, „ასტონ ვილას“ შოტლანდიელი კაპიტნის მაკგინის დრო დადგა, რომელმაც ჯერ 77-ე წუთზე აიღო სტუმართა კარში, ხოლო სამ წუთში დუბლი შეასრულა.
„ასტონ ვილა“ ევროთასების ფინალში 1982 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მაშინ, ბირმინგემელებმა ჩემპიონთა თასი ფინალში მიუნენის „ბაიერნი“ 1:0 დაასრულა. ბირმინგემელთა ესპანელი თავკაცი უნაი ემერი ერთადერთია, რომელმა გუნდი ევროპა ლიგის ფინალში მეექვსედ გაიყვანა. მან „სევილიას“ ნახსენები ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოაგებინა, ხოლო „ვილიარეალს“ – ერთხელ. ის ფინალში ერთხელ დამარცხდა, როდესაც „არსენალს“ წვრთნიდა.
„ასტონ ვილა“ 20 მაისს ევროპა ლიგის ფინალში სტამბოლში „ფრაიბურგს“ შეხვდება. გერმანული გუნდი 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად „ბრაგასთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო შინ პორტუგალიურ გუნდს 3:1 სძლია. ფრაიბურგში ჩატარებულ თამაშში სტუმრები მე-6 წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან ნახევარმცველი დორგელესი უხეშობისთვის გააძევეს.
მასპინძლები მე-19 წუთზე კუბლერმა დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე „ბრაგას“ კარი მანზამბიმ აიღო. 72-ე წუთზე კუბლერმა დუბლი მიითვალა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ვიქტორმა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





