შერმადინის “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა

0
1

ბადალონაში მიმდინარე ფიბას ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ გიორგი შერმადინის გუნდისთვის მოულოდნელი მარცხით დაიწყო. „ლა ლაგუნა ტენერიფე“ ნახევარფინალში ვილნიუსის „რიტასთან“ დამარცხდა — 69:87. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში თამაში თანაბარი იყო, ესპანური კლუბის მეორე ნახევარი ნამდვილ კატასტროფად იქცა.
შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო და პირველი ორი მეოთხედი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა — 17:18 და 17:22. დიდ შესვენებაზე გუნდები 6-ქულიანი სხვაობით გავიდნენ, რაც „ტენერიფეს“ მატჩის შემობრუნების კარგ შანსს უტოვებდა.
თუმცა, მატჩის მეორე ნახევარი შერმადინის გუნდისთვის სრულიად ჩავარდა. „ტენერიფემ“ მესამე და მეოთხე პერიოდებში მხოლოდ 19 და 16 ქულა დააგროვა, მაშინ როცა ლიეტუველებმა 22 და 25 ქულა მიითვალეს. ესპანელებმა ვერაფერი მოუხერხეს „რიტასის“ აგრესიულ შეტევას და დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო ფინალის საგზური მეტოქეს დაუთმეს.
გიორგი შერმადინმა მოედანზე 21:40 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა გუნდს 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი შესძინა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა.
„ტენერიფეს“ რიგებში საუკეთესო მარსელინიო უერტასი იყო 21 ქულით, ფრან გუერამ კი აქტივში 13 ქულა ჩაიწერა. გუნდის სხვა ლიდერებმა — პეტი მილსმა (7 ქულა), ხაიმე ფერნანდესმა (5 ქულა) და ჯოან სასტრემ (5 ქულა) — გადამწყვეტ მომენტში ლიეტუველების წინააღმდეგობის გატეხვა ვერ შეძლეს.
„ტენერიფეს“ მსგავსად, ფინალში გასვლა ვერ მოახერხა კიდევ ერთმა ესპანურმა გუნდმა — „უნიკახამ“, რომელიც ბერძნულ აეკ-თან 65:78 დამარცხდა. შესაბამისად, 9 მაისს, ბადალონაში, ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის ნამდვილი ესპანური დერბი გაიმართება. „ტენერიფე“ და „უნიკახა“ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ფინალში კი, 22:00 საათზე, ტიტულისთვის ბრძოლაში აეკ-ი და ვილნიუსის „რიტასი“ შეხვდებიან.