„იბერიამ“ „დილას“ გორშიც მოუგო

0
3

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში სტუმრად გორის „დილას“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე თბილისელთა შეტევის დროს ანდრია ბართიშვილმა მასპინძლების საჯარიმოში პაატა ღუდუშაურ მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ოსტატურად „მოჭრა“ ბურთი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში და ანგარიში გაიხსნა – 0:1.
მეორე ტაიმის დასაწყისში მარჯვენა ფლანგიდან ნიკა მალის გადაცემის შემდეგ, შოთა შეყილაძემ ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა დამაჯერებლად ითამაშა.
59-ე წუთზე „იბერიას“ ნახევარმცველმა გიორგი კუციამ ტრავმა მიიღო და მოედანი კოჭლობით ექიმის დახმარებით დატოვა. ამ ეპიზოდადან ცოტა ხანში, „დილას“ მცველის ცუდად მოგერიებულ ბურთს ბართიშვილი დაეუფლა, რომელმაც საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და პასი ღუდუშაურს მისცა, რომლის დარტყმის მერე ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე დავით კერესელიძემ რთული ბურთი მოიგერია.
65-ე წუთზე „დილას“ მცველმა ნიკა მალიმ თავის საჯარიმოში ნიკოლოზ დადიანი წააქცია და არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. გიორგი ჯინჯოლავას შესრულებული თერთმეტმეტრიანი კერესელიძემ გაანეიტრალა. მოგვიანებით გორელთა მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან კიდევ ერთხელ გადაარჩინა, როდესაც ამირან ძაგანიამ შორი მანძილიდან სახიფათოდ დაარტყა.
მატჩის მიწურულს გორელები გააქტიურდნენ, მაგრამ ამან შედეგი ვერ მოიტანა და „იბერიამ“ მიმდინარე სეზონში „დილა“ ზედიზედ მეორე დაამარცხა. გუგა ნერგაძის გაწვრთნილ გუნდს 23 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია. იტალიელი დიეგო ლონგოს ხელმძღვანელობით „დილამ“ 16 ქულა დააგროვა და მეოთხეა.
ლაშა თაბაგარუ