მესი: „დიეგომ ჩვენი ქვეყანა იმ დონეზე აიყვანა რომელზეც იმსახურებდა“

0
4

ლიონელ მესიმ, რომელმაც არგენტინის ნაკრებში კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა, ლეგენდარული დიეგო მარადონას მიერ თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის გაწეულ ღვაწლი არ დაივიწყა.
„არ მინდა დიეგო დავივიწყო, რომელმაც ჩვენი ქვეყანა იმ დონეზე აიყვანა, რომელზე ყოფნასაც იმსახურებდა. ვიცი, რომ გვეხმარებოდა როდესაც ჩვენს გვერდით იყო და აგრძელებდა დახმარებას ზეციდან თითოეული ნაბიჯის დროს, რომელსაც ვდგამდით“ – დაწერა არგენტინელთა ექსკაპიტანმა სოციალურ ქსელში.
მარადონა 60 წლის ასაკში 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. მან არგენტინის ნაკრებთან ერთად 1986 წელს მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1990 წელს ფინალში ითამაშა.
39 წლის მესიმ სანაკრებო კარიერა ბუენოს-აირესში ბენინთან 3:0 მოგებული თამაშის მერე დაასრულა, რომელშიც გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა და 208 მატჩში 126 გოლი გაიტანა, პლუს 70 საგოლე პასი გააკეთა. ის ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე გატანილი ბურთების რაოდენობით მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდოს (146) ჩამორჩება. მან კარიერის განმავლობაში 46 ნაკრების კარი აიღო.
მესიმ მსოფლიოს ექვს ჩემპიონატზე (2006, 2010, 2014, 2018, 2022, 2026) ითამაშა. მან ერთხელ ოქროს მედალი (2022) მოიგო, ხოლო ორჯერ ვერცხლის მედლებს (2014, 2026) დაეუფლა. იგი 21 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ბომბარდირია – პირველი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპეა (22). მესის მუნდიალებზე გაკეთებული საგოლე პასების რეკორდი ეკუთვნის – 12.
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ორჯერ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი (2021, 2024) და ასევე ფინალისიმა (2022 წელს არგენტიელებმა ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხეს) მოიგო.
ლაშა თაბაგარი