„სამგურალმა“ „მეშახტეს“ ორბურთიანი სხვაობით სძლია

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ ტყიბულის „მეშახტე“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 55-ე წუთზე ლევან გეგეჭკორის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ნახევარმცველი ირაკლი ჯანჯღავა საჯარიმოში ყველაზე მაღლა ახტა და თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
66-ე წუთზე ტყიბულელთა ბრაზილიელმა მცველმა ერიკ პიმენტელმა თავის საჯარიმოში პასი თავით გიორგი პაპუაშვილს გაუკეთა, რომელსაც ბურთი ხელზე დაეცა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რის გამო „მეშახტეს“ ფეხბურთელები აღშფოთდნენ. თუმცა, მთავარმა მსაჯმა ბაქარ ბრეგაძემ თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. თერთმეტმეტრიანი ლევან პაპავამ შეასრულა და ლევან შოვნაძემ მარცხენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი მოიგერია.
77-ე წუთზე გიორგი ბურდულმა ბურთი მასპინძლების ნახევარზე დაკარგა და „სამგურალმა“ კონტრშეტევა დაიწყო, რომლის დროს ბრაზილიელმა ვინისიუსმა „მეშახტეს“ საჯარიმოში ველისოლი მოძებნა, რომელმაც პიმენტელი ჩამოიცილა, რასაც კარში ზუსტი დატყმა მიაყოლა – 2:0.
79-ე წუთზე  მარცხენა ფლანგიდან  ბურდულმა „სამგურალის“ საჯარიმოში ბექა შუბითიძე მოძებნა, რომელმაც პასი ლაშა უგრეხელიძეს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გაიტანა – 2:1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ბრაზილიელმა ჟან კარლოსმა პასი თანამემამულე სებოლინიას გაუკეთა, რომელიც მცველს გაექცა და საჯარიმოში შესულმა წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 3:1.
გიორგი ონიანის გაწვრთნილ „სამგურალს“ 14 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა. ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით „მეშახტემ“ 10 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი