კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ თემურ ქეცბაიას დამოძღვრილ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის მე-2 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა თორნიკე კირკიტაძემ პასი უკრაინელ ნახევარმცველ არტიომ მილჩენკოს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-18 წუთზე თბილისელთა განელმა შუახაზელმა ბარნს ოსეიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 22-ე წუთზე გიორგი გვასალიამ კუთხური ჩააწოდა და ალექსანდრე კალანდაძემ თავით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
42-ე წუთზე ბათუმელებმა კუთხური ჩააწოდეს და თბილისელთა მცველმა ნიკოლოზ უგრეხელიძემ თავის საჯარიმოში მასპინძლების კაპიტანი მამუკა კობახიძე წააქცია, ხოლო მსაჯმა ბექა კუნჭულიამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ნიკა კალანდარიშვილმა შეასრულა – 2:1.
47-ე წუთზე ბათუმელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა გიორგი ხარებაშვილმა პასი როდრიგუ რამუშს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის მიწურულს ალბანელი უერდი მარას შორეული დარტყმის შემდეგ, გიორგი ლორიამ სტუმრები გოლის გაშვებას გადაარჩინა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში კოტდივუარელი აბდულაი იოროს გარღვევისა და სახიფათო დარტყმის მერე, ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ცნობისთვის, ამ გუნდებს შორის პირველ წრეში თბილისში ჩატარებულ თამაშც 2:2 დასრულდა.
თბილისის „დინამო“ 12 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, ხოლო ბათუმელებმა ზედიზედ 3 თამაშის წაგების მერე ქულა აიღეს, მაგრამ 8 ქულით ისევ ბოლო ადგილზე რჩებიან.
ლაშა თაბაგარი





