პირველი სასელექციო თამაში “შავი ლომის”’ გამარჯვებით დასრულდა

0
0

‘შავი ლომისა’ და crocobet დიდი 10 XV-ის პირველ სასელექციო თამაშში, გორის სარაგბო სტადიონზე მისულმა მაყურებელმა ჯამში 8 ლელო იხილა, საიდანაც 5 ‘შავმა ლომმა’ გაიტანა და 31:19 გაიმარჯვა.
პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს, თუმცა დიდი 10-ის ნაკრებმა ორივე გარდასახვა გამოიყენა, ‘შავ ლომს’ ერთი გაუცუდდა და შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 14:12. მეორე ტაიმში ‘შავმა ლომმა’ მეტოქის შეცდომებით ისარგებლა, ბურთზე კონტროლი დაამყარა და სამი ლელო გაიტანა, რითაც გამარჯვება დაიბევა.
მთლიანობაში, შეხვედრაში მონაწილეობა 56-მა მოთამაშემ მიიღო. რადგან თამაში სასელექციო ხასიათის იყო და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშის ხილვის სურვილი ქონდათ, ორივე გუნდის განაცხადში 28-28 მოთამაშე იყო. ‘შავ ლომს’ დიდი 10-ის კლუბებიდან რამდენიმე მორაგბე ყავდა დამატებული, რომელთაც ქართული ფრენჩაიზის კვართი პირველად მოირგეს. თავის მხრივ, დიდი 10-ის ნაკრებში რამდენიმე მორაგბეს კარგი თამაში ქონდა, რამაც შესაძლოა ‘შავი ლომის’ მწვრთნელები დააინტერესოს.
შეხვედრა ‘შავი ლომის’ შეტევებით დაიწყო. მათ მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზეს და დავით აბდუშელიშვილმა რაქიდან მიძალების შემდეგ ლელო გაიტანა, თუმცა საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, რომელმაც მანამდე ბლოკირება დააფიქსირა და ეს ლელო სამართლიანად გაუქმდა. ‘შავი ლომი’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მე-15 წუთზე მძლავრი მოლი ააგორა და ის გიორგი სინაურიძის ლელოთი დასრულდა, ლუკა ცირეკიძემ კი გარდასახა.
დიდი 10-ის ნაკრებმა ტაიმის შუაში უპასუხა. დავით ხუროშვილმა მეტოქის ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, ‘შავი ლომის’ უყურადღებობით ისარგებლა, ხაზის გაჭრის შემდეგ ორ მცველს გვერდი აუარა და 40-მეტრიანი ლამაზი რეიდი, ინდივიდუალური ლელოთი დაასრულა. ვაჟა მიქაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
ნელ-ნელა დიდი 10-ის ნაკრებმა მოახერხა ინიციატივის დაუფლება, მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიტანა, ბექა ყორიაულმა ინტერვალში მურთაზ ცხადაძე შეიყვანა და მანაც საკუთარი გუნდის მეორე ლელო გაიტანა. მიქაძე გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს ‘შავი ლომმა’ შეძლო ჩამორჩენის შემცირება. 5-მეტრიანში ჯარიმის გათამაშების შემდეგ, ბურთი გუნდის კაპიტან აკა ტაბუცაძეზე გავიდა, რომელმაც მცირე სივრცით ისარგებლა და ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი დიდი 10-ის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 14:12.
მეორე ტაიმი გუნდებმა ცვლილებებით დაიწყეს და ამან თამაშის ხარისხს თავისი ხელი დაატყო, განსაკუთრებით დიდი 10-ის ნაკრებს, რომელიც ხშირად ჯარიმდებოდა და ტექნიკური წუნიც მრავლად ქონდა. ‘შავი ლომი’ სრულად დაეუფლა სათამაშო უპირატესობას და 50-ე წუთზე დაწინაურდა. ჯარიმის გათამაშებისა და სინაურიძის მიძალების შემდეგ, ‘შავი ლომის’ ისტორიაში პირველმა ლეგიონერმა მერლს პიტერსმა ცირეკიძე ცარიელ ზონაში გაიყვანა და მანაც ლელო გაიტანა. გარდასახვა მიზანს ასცდა.
56-ე წუთზე მოლი სინაურიძის მორიგი ლელოთი დასრულდა, გარდასახვა კი პიტერსმა შეასრულა და გახდა პირველი ლეგიონერი, რომელმაც ‘შავ ლომს’ ქულები შესძინა. შემდეგ ეპიზოდში პიტერსის ბრტყელი გადაცემის შემდეგ ხაზი უკვე დემე თაფლაძემ გაჭრა და საკუთარი გუნდის მე-5 ლელო გაიტანა, რომელსაც კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა.
მატჩის დასკვნით 10 წუთში დიდი 10-ის ნაკრებმა შეძლო ‘შავი ლომის’ 22-ში შესვლა, მოლის შემდეგ ბადრი ალხაზაშვილმა მოლის შემდეგ ლელო გაიტანა და ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირების საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:19.
‘შავი ლომი’ და დიდი 10-ის XV მეორე სასელექციო შეხვედრას ასევე გორში, 8 მაისს 15 საათზე გამართავენ.
სასელექციო-მოსამზადებელი შეხვედრა

2 მაისი. გორი. 15:00 საათი

შავი ლომი – დიდი 10 XV 31:19 (12:14)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე (კაპ.), 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბადრი ციხისთავი, 4. გურამ ღანიაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე;

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი ნიკოლაძე, 20. ოთია გიორგაძე, 21. გიორგი კერვალიშვილი, 22. მიშო ყაჩლავაშვილი, 23. მერლს პიტერსი, 24. ამირან შვანგირაძე, 25. ზაურ ლუტიძე, 26. ბაჩანა მონიავა, 27. შალვა აფციაური, 28. ალექსანდრე თოდუა.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია

დიდი 10 XV

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე, 14. ანარე ტუიტაი, 13. გიორგი ფრუიძე, 12. გიორგი წიკლაური, 11. რომა მახათაძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი, 2. შოთა ხელაძე, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. მურთაზ ცხადაძე, 5. გიორგი შერვაშიძე, 6. ვანო ფუტკარაძე (კაპ.), 7. ზურა ოდიკაძე, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა: 16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. ალეკო შამილიშვილი, 18. გიორგი ჯამბურიძე, 19. გიგა ჯულუხაძე, 20. გიორგი შუკაკიძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ბუბა ნოზაძე, 23. ცოტნე კვესელავა, 24. ლუკა კოხია, 25. ნიკა აბესაძე, 26. ზურა ძნელაძე, 27. დავით კვირიკაშვილი, 28. ზურა ნინიძე.

მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ნინიძე

მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, სერგო ფრუიძე, ზურა გოგლიჩიძე
rugby.ge