პსჟ-ს ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ამის შესახებ ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში “პარკ დე პრენსზე” მიუნხენის “ბაიერნთან” დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია: “ვფიქრობ, რთული თამაში იქნება, რადგან “ბაიერნი” ახლა კარგ ფორმაშია. მაგრამ ჩვენ პსჟ ვართ. ვიცით, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ყველასთან გამარჯვება შეგვიძლია თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან ვიცით, რომ ახლა ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვთამაშობთ. ამიტომ ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ და ვიცით, რომ ისინი ხვალაც საოცრად დაგვიჭერენ მხარს, ხოლო ატმოსფეროც განსაკუთრებული იქნება. ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც კარგად უნდა ვითამაშოთ, სწორედ გულშემატკივარია.
თავს კარგად ვგრძნობ და კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. ბევრს ვშრომობ და ვცდილობ, მოწინააღმდეგეებს შევეგუო. ასე ვგრძნობ თავს გუნდის წყალობით. ერთად შესანიშნავ რაღაცეებს ვაკეთებთ და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.
გასულ სეზონში ბევრი მატჩი გვქონდა, ამიტომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ცოტა დავიღალეთ. თუმცა, ახლა ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ვართ. შესაძლოა, სეზონის ბოლოს უკეთეს ფორმაშიც კი ვიყოთ. კიდევ რამდენიმე მატჩია ჩასატარებელი და სეზონი საუკეთესოდ უნდა დავასრულოთ.
როდესაც ნოემბერში”ბაიერნს” „პარკ დე პრენსზე“ ვეთამაშეთ, მეტოქის მსგავსად კარგად არ გამოვიყურებოდით, თუმცა, მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ და მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ხვალ ერთმანეთს ორი საუკეთესო ევროპული გუნდი დაუპირისპირდება.
გუნდში რამდენიმე მოთამაშეა, რომლებსაც პენალტების შესრულება შეუძლიათ. ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ვინ შეასრულებს მათ. მოედანზე გავდივარ, ვთამაშობ, ყველაფერს ვაკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა, გოლს გავიტან თუ არა. მინდა მოედანზე 100%-ით დავიხარჯო.
უსმან დემბელესთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა. ის ჩემს საქმეს აადვილებს. მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია და სწორედ ამიტომ მოიგო „ოქროს ბურთი“. თავდამსხმელებთან და მთელ გუნდთან ჩვენი ურთიერთობა შესანიშნავია. როდესაც ვარჯიშზე მივდივართ, ყველა იღიმის, მოწყენილი არავინაა. ვფიქრობ, ეს ფორმაში ყოფნის ერთ-ერთი მიზეზია. სწორედ ამიტომ ვამაყობ პარიზში ყოფნით და ახალი მეგობრების შეძენით. ახლა ოჯახივით ვართ.
ტექნიკურად მანამდეც კარგი ვიყავი. ლუის ენრიკესთან ერთად დაცვაში თამაში ძალიან გავაუმჯობეს. ამ მწვრთნელთან ერთად დაცვაში მცველივით უნდა ითამაშო. მან ძალიან დიდი სტიმული მომცა და ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ასპექტი, რომელშიც პროგრესი განვიცადე.
რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდი სიამოვნებაა, როცა ერთ-ერთ საუკეთესოს გადარებენ. ნეაპოლში ყველა ოჯახს სახლში მისი ფოტოები აქვს. ეს ნამდვილად დიდი პატივია. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან ვამაყობ. ცოტა რთულიც იყო მარადონასთან შედარება, რადგან ყოველ მატჩზე მოედანზე რომ გადიხარ, უნდა აჩვენო, რომ შეგიძლია ეს მეტსახელი გაამართლო. მაგრამ ძალიან ვამაყობ.
ფეხბურთს ვთამაშობ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა მოედანზე ვარ. სულ ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. ვფიქრობ, ფეხბურთი შეიცვალა. შესაძლოა, ზუსტად ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო. მნიშვნელოვანია, რომ თამაში ლამაზი რაღაცეები შევიტანოთ. ძალიან ვამაყობ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. ვცდილობ დავტკბე იმით, რასაც მოედანზე ვაკეთებ. მიყვარს ფეხბურთი და ჩემი თანაგუნდელები. სეზონის საუკეთესო გოლი ჩემთვის რომელია? ვფიქრობ, რომელიც „ნანტის“ წინააღმდეგ გავიტანე. თუმცა, კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და იმედი აქვს, უფრო ლამაზ გოლებს გავიტან.




