„ტორპედომ“ წარმატებული სვლა ბათუმში გააგრძელა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე ბათუმში დასრულდა, სადავ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
მატჩის დასაწყისში სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებულმა მეკარე ლაზარე კუპატაძემ თავის საჯარიმოშ ბურთი ცუდად მოიგერია და ვლადიმერ მამუჩაშვილმა ანგარიში გახსნა. თუმცა, გოლი არ ჩაითვალა, რადგან დარტყმამდე „ტორპედოს“ კაპიტანს ბურთი ხელზე მოხვდა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ქუთაისელთა კარს გიორგი ფუტკარაძე დაემუქრა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ბრაზილიელი ფილიპე პირესი „დინამოს“ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კუპატაძეს ვერცერთხელ აჯობა. თავის მხრივ გოლის გატანა თორნიკე კირკიტაძეს შეეძლო, როდესაც სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა ბურთი ფეხით მოიგერია.
მოგვიანებით „დინამოს“ კარს ისევ მამუჩაშვილი დაემუქრა და კუპატაძემ ისევ იყოჩაღა. ცოტა ხანში, „ტორპედომ“ კუთხური ჩააწოდა და სერბი კომნენ ანდრიჩის თავურის მერე, კუპატაძის ხელიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა. პირველი ტაიმის შუაწელში კირკიტაძემ კარგი პასი გაუკეთა ალბანელ უერდი მარას, რომელიც მეკარესთან მარტო დარჩა და ბურთი ზედა ძელს მოახვედრა.
პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გურამ ჯაფარიძემ კარში ახლო მანძილიდან დაარტყა და კლიაიჩმა „ტორპედო“ გოლის გაშვებისგან იხსნა.
44-ე წუთზე დიეგო დეისაძემ ბათუმელთა ნახევარზე მამუკა კობახიძეს ბურთისთვის ორთაბრძოლაში აჯობა, ხოლო საჯარიმოში მარჯვნიდან შესული ფუტკარაძეს გაცდა და კუპატაძეს შორეულ „ცხრიანში“ გაუტანა.
56-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმის შესრულების დროს მასპინძლების საჯარიმოში ხორვატი მცველი მატეო შიმიჩი მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
ამის მერე, ფუტკარაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან „გაისროლა“ და კლიაიჩმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 65-ე წუთზე მამუჩაშვილმა პასი საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ მამუჩაშვილს გაუკეთა, რომელმაც მახვილი კუთხიდან საპირისპირო „ცრიანში“ შეაგდო.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ ზედიზედ 5 თამაში არ წააგო (3 გამარჯვება და 2 ფრე) და 14 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა, ხოლო „დინამო“ 7 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი