ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. 1/4-ფინალის პირველ მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა შინ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად იმავე ანგარიშით მოუგო.
„ენფილდზე“ გამართული შეხვედრა კვარაცხელიამ შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო მასპინძლების კარში ისევ გიორგი მამარდაშვილი იდგა.
პარიზელებიდან „ლივერპულს“ პირველი სწორედ ხვიჩა დაემუქრა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა მე-17 წუთზე კარიდან გამოსულმა მამარდაშვილმა მეტოქეს დაასწრო და ფეხით მოიგერია ბურთი, რომელიც საჯარიმოს გარეთ უსმან დემბელეს მიუვიდა, ხოლო ამ უკანასკნელის სახიფათო დარტყმის შემდეგ, გიორგიმ „ლივერპული“ გოლის გაშვებას გადაარჩინა.
31-ე წუთზე ინგლისელთა შეტევის დროს ახლო მანძილიდან კერკეზის დარტყმული საფონოვმა გაანეიტრალა, ვან დეიკს კი ფეხებში მარკინიოსი ჩაუვარდა და არ გაატანანინა. სხვათა შორის, პირველ ტაიმში ვან დეიკი მინიმუმ ყვითელ ბარათს იმსახურებდა, როდესაც მოედნის ცენტრში ხელი კვარაცხელიას სახეში განძრახ დაარტყა.
65-ე წუთზე პსჟ-ს ცენტრალური მცველი პაჩო თავის საჯარიმოში ფეხზე ოდნავ შეეხო მაკალისტერს, რომელიც წაიქცა და მსაჯმა თავდაპირველად პენალტი დანიშნა, თუმცა, მარიანიმ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და თავისი გადაწყვეტილება გააუქმა.
72-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი საჯარიმოს წინ მდგომ დემბელეს გაუკეთა, რომელმაც ერთი მეტოქე ჩამოიცილა და დაახლოებით 20 მეტრიდან მამარდაშვილს აუღებელი დაურტყა – 0:1. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში მე-5 საგოლე გადაცემა მიითვალა და გარდა ამისა, 8 გოლი გაიტანა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში ბარკოლა მოძებნა, რომელმაც ბურთი კართან ახლოს გახსნილ დემბელეს გადააწოდა, “ოქროს ბურთის” მოქმედმა მფლობელამ კი დუბლი შეასრულა.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს და “ბაიერნი”- “რეალს” შორის გამარჯვებულს შეხვდება. ცნობისთვის, მიუნხენელებმა პირველი თამაში სტუმრად 2:1 მოიგეს.
ლაშა თაბაგარი





