გულიაშვილის მეორე დუბლი – „რასინგის“ მოულოდნელი მარცხი

0
11

გიორგი გულიაშვილმა სანტანდერის „რასინგში“ გადასვლის შემდეგ, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დუბლი მეორედ მიითვალა. 34-ე ტურში გათამაშების ლიდერი „რასინგი“ „ანდორას“ სტუმრად შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, საბოლოოდ 2:6 დამარცხდა.
მატჩის მე-4 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა მარტინმა პასი გულიაშვილის გაუკეთა, რომელმაც ახლო ძელთან მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა. მე-15 წუთზე მარტინი მასპინძლების საჯარიმოში ისევ მარცხნიდან შეიჭრა და ამჯერად, შორეულ ძელთან მდგომი ქართველი მოძებნა, რომელმაც ისევ გაიტანა.
„ანდორამ“ ანგარიში შესვენებამდე გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქის კარი კიდევ ოთხჯერ აიღო. გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და სეგუნდაში ჩატარებულ 11 მატჩში მეტოქეთა კარი 5-ჯერ იაღო, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა, „რასინგი“ 62 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ალმერიას“ ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი