ფუტალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

0
40

ფუტსალში საქართელოს ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ვერ გავიდა. A ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ავთანდილ ასათიანი გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ საფრანგეთს შეხვდა და 1:3 დამარცხდა.
ჩვენი გუნდი ფრანგებთან დაპირისპირებას სერიოზული დანაკლისით შეხვდა – ტრავმის გამო შოთა თოფურიამ ვერ ითამაშა, ხოლო გუნდის კაპიტანი გიორგი თოდუა მოედანზე დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდა.
მატჩის მე-3 წუთზე მუჰამედის დარტყმული ბურთი ჯანო კვარაცხელიას ფეხით კართან ახლოს მდგომ ვახტანგ კეკელიას მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა. პირველი ტაიმის შუაწელში არჩილ სებისკვერაძემ შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ვახტანგ ჯვარაშვილმა პასი გიორგი ღავთაძეს მისცა, რომელმაც ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ მცველმა ვარდნაში ბურთი მოიგერია.
მე-18 წუთზე კვარაცხელიამ ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და მოჰამედის გადაცემის შემდეგ, მუჰუდინმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. ტაიმის ბოლო წუთზე მოჰამედმა ჯარიმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხი წუთში ჯანო გიორგაიამ მეტოქის ნახევარზე ბოლომდე იბრძოლა და ვარდნაში ბურთს დაეუფლა, რის შემდეგ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ფრანგების კარის დარაჯმა სახიფათო დარტყმა ჯვარაშვილს აუღო, ხოლო გიორგი ჩიმაკაძის დარტყმული კარს აცდა. 29-ე წუთზე მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩენილმა ღავთაძემ პასი ჩიმაკაძეს მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან ცარიელ კარს ააცილა და ერთი ბურთის გაქვითვის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა.
31-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა საჯარიმო დარტყმა გაითამაშა და სებისკვერაძის პასის მერე, ღავთაძემ კარის ახლოდან ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა. 33-ე წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძის დარტყმის შემდეგ, ბურთი ფეხზე მოჰამედს შეეხო და კარში შევარდა. გაბრიჩიძემ ევროპირველობაზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. 38-ე წუთზე მეკარის მაისურით მოედანზე მყოფმა სებისკვერაძემ ბურთი მეტოქის ნახევარზე დაკარგა და ფრანგების შეტევა ცარიელი კარის აღებით მოჰამედმა დაასრულა.
ლაშა თაბაგარი