კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტური ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებით დასრულდა – ბათუმის „დინამომ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
შეხვედრის მე-40 წუთზე განელი სოლომონ კესი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ლაზარე კუპატაძესთან პირისპირ დარჩენილმა დაარტყმა, მაგრამ ბათუმელთა მეკარემ ბურთი მოიგერია.
ამ ეპიზოდიდან ორ წუთში რუსთაველთა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ირაკლი იაკობიძემ თავი დაარტყა და ბურთი მეკარისგან მარცხენა გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო კესის დამატების შემდეგ – მარჯვენა ძელს.
55-ე წუთზე ლუკა პარკაძემ ერთი მეტოქე ჩამოიშორა და დაახლოებით 22-23 მეტრიდან მარცხენა ფეხით კუპატაძეს „ცხრიანში“ გაუტანა. მეორე ტაიმის შუაწელში ანგარიშის გათანაბრების შანსი სტუმართა საჯარიმოში გახსნილ მოლდოველ დმიტრი მანდრიჩენკოს ჰქონდა, როდესაც თორნიკე კირკიტაძის პასის მერე, თავით დაარტყა და პაპუნა ბერუაშვილმა ბურთი უკუაგდო. ამის შემდეგ „რუსთავმა“ შეუტია და შოთა ანდღულაძის შორეული დარტყმა კუპატაძემ გაანეიტრალა.
78-ე წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა მცველმა ოლივეირამ თავის საჯარიმოში ორთაბრძოლის დროს მანდრიჩენკო წააქცია. მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტის დანიშვნის გარდა, ოლივეირას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა. მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც “რუსთავის” ფეხბურთელი გააძევეს. თერთმეტმეტრიანი ნიკა კალანდარიშვილმა გამოიყენა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ალბანელო უერდი მარა სტუმართა საჯარიმოში ორ მცველს გაცდა და გამარჯვების გოლი შეაგდო.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი “დინამო” 62 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ქულით ჩამორჩება “იბერიას”, რომელმაც ერთი თამაშით მეტი ჩაატარა.
გია ცეცაძის ხელმძღვანელობით “რუსთავმა” 56 ქულა დააგროვა და მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





