25 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მეორე ტურის მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა.
მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა გიორგი ღავთაძემ გააკეთეს.
ავთანდილ ასათიანი: „ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს ვაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ჯგუფიდან გასვლის შანსი იარსებებს. ორი რთული მატჩი გველის, თუმცა ახლა მხოლოდ ხორვატიაზე ვფიქრობთ. ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ფიზიკურად ძლიერი, მაღალი დონის გუნდია. ვფიქრობ, წარმატების შანსი გვექნება, თუ მეტოქეს ჩვენს თამაშს მოვახვევთ“.
გიორგი ღავთაძე: „აუცილებლად გვჭირდება ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვება . მეტოქე ძალიან ძლიერია და რთული თამაში გველის. თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს, ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“.
ხორვატია – საქართველოს მატჩი 25 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სტარტზე რიგაში ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ლატვიასთან 0:4 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





