თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/16-ფინალში გასვლის ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა. დავით გელაშვილის გაწვრთნილებმა პირველ მატჩში ნომინალური სტუმრის სტატუსით მინსკის „დინამო“ 2:0 დაამარცხეს, ხოლო 10 დეკემბერს უკვე მასპინძლის რანგში პენალტების სერიაში წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ ორივე შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე ჩატარდა, რადგან ფიფას გადაწყვეტილებით ბელარუსის ყველა ნაკრებსა და კლუბს შინ თამაშის უფლება არ აქვთ. პირველი თამაშისგან განსხვავებით სტადიონზე გულშემატკივრების დასწრება შეიძლებოდა, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირე იყო.
მატჩის მე-7 წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს ჰალიდ დოლტმურზიევმა მეტოქის ნახევარზე თემურ ოდიკაძე მოძებნა, რომელიც საჯარიმოში შევიდა და ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ დაბალ კუთხეში სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
21-ე წუთზე თბილისელთა კიდევ ერთი სახიფათო შეტევის დროს, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა რეზო დანელიამ მახვილი კუთხიდან დაარტყა და მცველმა ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
32-ე წუთზე დოლტმურზიევმა ბელარუსთა საჯარიმოში მცველთან ორთაბრძოლაში მიიღო ბურთი და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ რადკევიჩმა თავისი გუნდი გადაარჩინა, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა მცველის მოგერიებული ბურთი საჯარიმოს გარედან შეუჩერებლად დაარტყა და ისევ რადკევიჩმა ითამაშა საიმედოდ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში დანელიამ თავის საჯარიმოში მინსკელი ფეხბურთელი წააქცია და ყაზახმა მსაჯმა კარაბაევმა პენალტი დანიშნა. ვოსკობოინიკის შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, ბურთი დაჩი ჩოჩოშვილმა მოიგერია. თუმცა, ვოსკობოინიკოვმა თავი მაინც გამოიჩინა, როდესაც სტუმართა შეტევის დროს, მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ერთი შეხებით ბურთს კარში ადგილი მიუჩინა.
68-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მყოფმა ჟეჩკომ მარჯვენა ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთს, რომელიც მცველს შეეხო, ჩოჩოშვილი კი მიწვდა, მაგრამ ძელის გავლით მაინც კარში აღმოჩნდა. ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 76-ე წუთზე ვოსკობოინიკოვის დარტყმის მერე, ჩოჩოშვილმა მოიგერია ბურთი, რომელიც ძელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ტურნირის რეგლამენტის მიხედვით პირდაპირ პენალტები დაინიშნა. მინსკელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 გაიმარჯვეს. თბილისელებიდან პენალტები ნათენაძემ და დიაკონიძემ ვერ გაიტანეს, რომელთაც რადკევიჩმა აუღო.
ლაშა თაბაგარი





