გორის „დილამ“ არსებობის ისტორიაში მეორედ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვერცხლის მედლების მფლობელი გორელები მოქმედ ჩემპიონ თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდნენ და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს. შეგახსენებთ, რომ წელს გორელებმა საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასიც მოიპოვეს.
„დილა“ თასს პირველად 2012 წელს დაეუფლა, როდესაც ფინალში „ზესტაფონს“ 4:1 აჯობა. გარდა ამისა, გორელებმა 2015 წელს საქართველოს ჩემპიონატში გაიმარჯვეს.
გორელებს იტალიელი მთავარი მწვრთნელი დიეგო ლონგო ვერ ხელმძღვანელობდა, რადგან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „დინამოსთან“ 2:2 დასრულებული მატჩის მერე ემოცია ვერ მოთოკა და დისკვალიფიკაცია მისცეს. გუნდი სათამაშოდ მისმა ასისტენტმა ლუკა კავალომ გაიყვანა.
მატჩის მე-2 წუთზე გორელებმა კუთხური გაითამაშეს და მარჯვენა ფლანგიდან მალელმა აბუბაქარ კონტემ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც მცველმა თავით მოიგერია, ხოლო დაახლოებით 22-23 მეტრიდან ოთარ ფარულავას დარტყმის შემდეგ, ტყავის სფერო „იბერიას“ ცენტრალურ მცველ გიორგი ჯგერენაიას მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა – 0:1.
48-ე წუთზე კონგოელი დეო ბასინგვა მეტოქის ნახევარზე ნიდერლანდელ დერეკ აგიაკვას გაცდა და მარცხნიდან საჯარიმოში შესულმა პასი შოთა შეყილაძეს მისცა, რომლის დარტყმის შემდეგ, აგიაკვამ თავით ავტოგოლი გაიტანა. საქართველოს თასის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ფინალში ორი ავტოგოლი გავიდა.
54-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა ბურთი გორელთა ნახევარზე მიიღო და პასი საჯარიმოში გააკეთა, სადაც ვარდნაში გიორგი ჩაბრაძე შეცდა, ხოლო ლუკა სილაგაძემ ერთი ბურთის გაქვითვის კარგი შანსი ხელიდან გაუშვა.
71-ე წუთზე სილაგაძემ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ჯგერენაიამ ერთი ბურთი გაქვითა. 75-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ ცრუ მოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოში შესულმა გადაცემა კარის წინ მდგომ თორნიკე ახვლედიანს გაუკეთა, რომელსაც ვარდნაში გოლის გატანაში ხელი მცველმა შეუშალა.ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში თბილისელთა საჯარიმოში შეჭრილმა ჯინჯოლავამ დაარტყა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ფეხიდან ბურთი კინაღამ კარში აღმოჩნდა. 83-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ირაკლი შენგელიამ „იბერიას“ თავკაცს გუგა ნერგაძეს ზედმეტი ემოციურობისთვის ყვითელი ბარათი აჩვენა.
85-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჯინჯოლავამ საჯარიმოში ჩააწოდა და სანდრო ალთუნაშვილის თავიდან ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, რის შემდეგ თითქმის კარის ხაზზე გაიარა, თუმცა ბადეში არ შევარდა. 90-ე წუთზე დავით კერესელიძემ თავისი საჯარიმოდან პასი „იბერიას“ ნახევარზე გახსნილ განელ ედუძის გაუკეთა, რომელიც საჯარიმოში შევიდა და კონტე მოძებნა, ამ უკანასკნელმა ძლიერი დარტყმით ანგარიშში ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. მატჩის ბოლო წუთზე „იბერიას“ საჯარიმოში მყოფმა ირაკლი სიხარულიძემ ვარდნაში დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. „დილა“ მომავალ წელს უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გორელებს თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.
„იბერია“ (თბილისი) – „დილა“ (გორი) 1:3 (0:1)
10 დეკემბერი. თბილისი. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი.
„იბერია“: მაკარიძე, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, აგიაკვა, ზოური (სიხარულიძე, 86), დადიანი (ნიკა ხორხელი, 54), ალთუნაშვილი, ქარდავა. სილაგაძე, გიზო მამაგეიშვილი (კ), გოშთელიანი (ახვლედიანი, 54).
მთავარი მწვრთნელი: გუგა ნერგაძე.
„დილა“: კერესელიძე, ანდრონიკაშვილი, ჩაბრაძე (არაუჟო, 79), კონტე, ფარულავა (ბოანსი, 79), უატარა, შეყილაძე (კობახიძე, 87), ტიბუე, ედუძი, ბასინგა, ეტოუ (კ).
მთავარი მწვრთნელის მოვალეობი შემსრულებელი: ლუკა კავალო.
გოლები: 0:1 ჯგერენაია (2 საკ.კარში), 0:2 აგიაკვა (საკ.კარში), 1:2 ჯგერენაია (77), 1:3 კონტე (90).
გაფრთხილება: შეყილაძე (18), ალთუნაშვილი (25), გოშთელიანი (30), მამაგეიშვილი (67), აბდალა (88).
მთავარი მსაჯი: ირაკლი შენგელია.
ლაშა თაბაგარი





