ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში თავის ანგარიშზე მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.მე-11 ტურში პარეზელებმა შინ „ნიცა“ 1:0 დაამარცხეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის პირველ ტაიმში კვარაცხელია სტუმართა ნახევარზე მარჯვენა ფლანგზე სამ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველმა დაბლოკა. ამის შემდეგ, სტუმართა მცველმა ბურთი კვარაცხელიას „ჩააბარა“, რომელმაც პასი საჯარიმოში მაიულუს გაუკეთა, რომელმაც დარტყმა დააგვიანა და ხელსაყრელი მომენტი გაანიავა. 31-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა კარის ხაზიდან ბურთი თავით გამოიტანა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მეოთხე წუთზე კვარაცხელიამ თავზე დაასვა ბურთი ნიცელთა კარის წინ მდგომ გონსალურ რამუშს, რომლის დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში პსჟ-მ კუთხური ჩააწოდა და საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ხვიჩამ მოიგო, რომელმაც პასი რამუშს გაუკეთა, ხოლო პორტუგალიელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. პსჟ 24 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





