ვილი სანიოლის თქმით, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად თურქეთთან პირველიდან ბოლო წუთამდე აგრესიული ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ მატჩამდე პრესკონფერენციაზე გაანცხადა, რომელსაც ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: „ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. თავიდანვე ვიცოდით, რომ ესპანეთი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი იქნებოდა და მეორე ადგილისთვის თურქეთთან და ბულგარეთთან ვიბრძოლებდით.
ვფიქრობ, ხვალინდელ შეხვედრაში ფეხბურთელებმა ბევრი დადებითი რამ უნდა აჩვენონ. თურქეთთან პირველი თამაში ცუდად დავიწყეთ, თუმცა კარგად დავასრულეთ. ხვალ, პირველიდან ბოლო წუთამდე კარგი და აგრესიული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.
ვიცით, საიდან მოვდივართ და როგორია ქართული ფეხბურთის ევოლუცია. ყოველთვის გჭირდება ამბიცია და ოცნება საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ჩვენი ოცნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ფეხბურთელებმა იციან, რომ ამ ოცნების შესანარჩუნებლად კარგი თამაშის ჩატარება გვჭირდება.
მხოლოდ ჩვენი იდენტობითა და ხარისხით შეგვიძლია განსაკუთრებული შედეგის მიღწევა. არა მხოლოდ ფეხბურთელებმა, არამედ სტაფის თითოეულმა წევრმა 2–3 პროცენტით ნაკლები რომ გააკეთოს, უშანსოდ ვიქნებით. ვისაუბრეთ ფეხბურთელებთან. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან და წინა მატჩთან შედარებით განსხვავებულ თამაშს აჩვენებენ”.
ანზორ მექვაბიშვილი: „ძალიან რთულ მატჩს ველოდებით, მაგრამ თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გვსურს თამაში, ეს ერთ-ერთი წინააღმდეგობაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ.
ვფიქრობ, საინტერესო და რთული იქნება. თურქეთს გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს, მაგრამ ვიცი, რომ სტადიონზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი იქნება, რაც დიდი მოტივაციაა ჩვენთვის. ბუნებრივია, იქნება გარკვეული წნეხი, რაც ნებისმიერ თამაშს ახლავს, თუმცა უნდა ვიბრძოლოთ, არაფერი დავთმოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ”.
თურქეთი-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. E ჯგუფში ესპანეთი 9 ქულით ლიდერია, ხოლო თურქეთი 6 ქულით მეორე. საქართველო 3 ქულით მესამეა, უქულო ბულგარეთი კი ბოლოა. ჯგუფში გამარჯვებული მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება. მეორე ადგილზე გასული გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს. თურქეთი – საქართველოს შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი





