რამაზ სვანაძე: „მარტივ თამაშს არ ველოდები“

0
11

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად მალტასთან მარტივ თამაშს არ ელოდება.
რამაზ სვანაძე: „განწყობა ნორმალურია. ეს დღეები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო ძალების აღდგენა. ფიზიკურად თამაშისთვის მზად ვართ. არ ველოდები მარტივ თამაშს. თუმცა ერთი ვიცი დანამდვილებით, რომ თუ ის ყველაფერი შესრულდება, რაც როგორც ვარჯიშებზე, ისე თეორიაზე მუშავდებოდა, ყველაფერი კარგად იქნება.
ზოგადად, ბევრ ფეხბურთელს ძალიან ბევრი რაღაც აქვს დასამტკიცებელი. ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. როგორც ყოველთვის, ვეცდებით, რომ სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ“.
მომავალ მატჩის წინ კომენტარი ჩვენი გუნდის მეკარე მიხეილ მაქაცარიამაც გააკეთა.
მიხეილ მაქაცარია: „გუნდში კარგი განწყობაა, საბძროლო შემართებით ვართ. ვიცით, მალტის ნაკრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ და საქართველოში სამი ქულით დავბრუნდეთ“.
F ჯგუფს საბერძნეთის ნაკრები ლიდერობს, რომელსაც 6 ქულა აქვს. ჩრდილოეთ ირლანდია 4 ქულით მეორეა, ხოლო გერმანია 3 ქულით – მესამე. საქართველოს ნაკრები 2 ქულით მეოთხე ადგილზეა. ლატვია ერთი ქულით მეხუთა, უქულო მალტა კი ბოლოა.
მალტა-საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში პირველი არხი სპორტი აჩვენებს.
ლაშა თაბაგარი