ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

0
29

პარიზის პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ხვიჩა საუკეთესოდ უეფას ტექნიკურმა ექსპერტებმა აღარეს. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც წილად ასეთი პატივი ხვდა. კვარაცხელიამ 2022-2023 წლების სეზონში “ნაპოლიში” ასაპრეზობის დროს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი მოიგო. მადრიდის “რეალის” გარემარბ ვინისიუს ჟუნიორის შემდეგ, კვარაცხელია მეორეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის როგორც საუკეთესო ახალგაზრდის, ასევე სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში საერთო ჯამში 124,17 კილომეტრი დაფარა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე რომელიც განავითარა 33,7 კმ/სთ-ია. ის განვლილ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთხჯერ გახდა.  მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ქართველ ფეხბურთელთან ერთად ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
„შეუდარებელმა ქართველმა გარემარბმა უდიდესი როლი ითამაშა პარიზელების მიერ ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებაში. ტურნირის განმავლობაში მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ის მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალე თამაშით გამოირჩეოდა.
იგი გადამწყვეტი ფიგურა იყო „არსენალის“ წინააღმდეგ მოგებულ ფინალშიც. კრისტიან მოსკერამ ქართველი საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა და ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.
შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიას საუკეთესო თამაში „ბაიერნთან“ 5:4 მოგებულ დაუვიწყარ პირველ ნახევარფინალურ მატჩში ვიხილეთ, როცა ჯერ ულამაზესი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა (1:1), მეორე ტაიმში კი უძლიერესი გასროლით შესანიშნავ სტილში დუბლი გაიფორმა“ – წერს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
დასახელდა სეზონის სიმბოლური ნაკრებიც, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გარდა პარიზელთა კიდევ ოთხი ფეხბურთელი შეიყვანეს:
რაია (არსენალი) – ლიორენტე (ატლეტიკო), მარკინიოსი (პსჟ), გაბრიელი (არსენალი), მენდეში (პსჟ) – ოლისე (ბაიერნი), რაისი (არსენალი), ვიტინია (პსჟ), კვარაცხელია (პსჟ) – დემბელე (პსჟ), კეინი (ბაიერნი).
ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა, გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი  და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, ხოლო საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი თითოჯერ მოიგო. მან ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა.