მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ, ელჩეში გამართავს. ჩვენი გუნდი მზადებას ალიკანტეში აგრძელებს. შეკრებაზე ჩატარებული მესამე ვარჯიშის შემდეგ, მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელია: “იდეალური გარემო შეირჩა თამაშებისთვის მოსამზადებლად. ძალიან კარგია, რომ ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით დიდი დრო გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კლუბს, რომელიც ძალიან დამეხმარა, რომ ამ შეკრებისთვის ასი პროცენტით მზად ვყოფილიყავი. მაქსიმალურად კარგად მოვემზადე მომდევნო მატჩებისთვის.
ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი მინიმალური შანსი გვექნება. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშები გველის. იმედი მაქვს, მწვრთნელის დავალებებს შევასრულებთ და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება”.





