გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით ესპანეთის ლა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-5 ტურში „ვილიარეალმა“ „ოსასუნა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა მასპინძლების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მიქაუტაძემ სასტარტოში დაიწყო და მე-11 წუთზე მეტოქის ნახევარზე ერთი მცველი საუცხოოდ ჩამოიშორა, ხოლო საჯარიმოსთან მიახლოებულმა ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
33-ე წუთზე მიქაუტაძემ ქუსლით გაკეთებული ძალიან მაგარი პასით მეკარესთან პირისპირ აკომაჩი დატოვა, რომლის დარტყმული ბურთი ერერამ მოიგერია. მე-40 წუთზე მასპინძლების მცველმა როსიემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე „ოსასუნას“ ფეხბურთელის დარტყმულიპარტეის თავის საჯარიმოში ხელში მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ანტე ბუდუმირმა გამოიყენა – 0:1.
69-ე წუთზე სოლომონმა მარცხენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა და მიქაუტაძემ თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ის გიორგი დემეტრაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში გოლი გაიტანა. დემეტრაძემ ეს 2001 წელს მოახერხა.
79-ე წუთზე მიქაუტაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც მარცხენა ფრთიდან გაკეთებული პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა. 85-ე წუთზე ოლივასეიმ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი გეიეს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა – 2:1.
88-ე წუთზე რაულ გარსიას ანგარიშის გათანაბრების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ „ვილიარელის“ მეკარე ლუის ჟუნიორს ვერ აჯობა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მეკარესთან მარტო დარჩენილმა ოლუვასიემ ძლიერად დაარტყა, თუმცა ერერამ ბურთი მოიგერია. ორ წუთში ისევ რაულ გარსიას შეეძლო „ოსასუნასთვის“ ქულის გადარჩენა, მაგრამ ლუის ჟუნიორმა კარი არ დაანება.
„ვილიარეალი“ 10 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





